შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რაც გასული კვირის მონაცემებთან შედარებით ბევრად ნაკლებია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ე.წ. კომენდანტის საათის შეზუდვების დარღვევის ფაქტზე, პოლიციამ 73 ადამიანი დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, კიდევ 15 მოქალაქე დააჯარიმეს.
მონიტორინგის შედეგად სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის კიდევ 27 ფაქტი გამოავლინეს. დადგენილი წესის თანახმად, ავტოსალონში სამ ადამიანზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს, მათ შორის მძღოლი, ხოლო მგზავრები უკანა ორ სავარძელში უნდა იყვნენ მოთავსბული.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით (950 დოლარი), ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით (4,8 ათასი დოლარი).