ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 32 აბონენტს, 2015 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში დაგროვებული, 2367 ლარის ოდენობის მელიორაციის დავალიანება ჩამოეწერა. პროგრამა საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სისტემით 1 ჰექტარის მომსახურება სეზონზე 75 ლარი ღირს.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში სამელიორაციო მომსახურება აბონენტებს უფასოდ ეძლევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში სახელმწიფო აბონენტებს დაახლოებით 8 მლნ ლარის (დაახლოებით 2,5 მლნ აშშ. დოლარი) ოდენობის დავალიანებას აპატიებს, რაც 2012-დან 2019 წლამდე დაგროვდა.
2013 წელს შეიქმნა შპს “საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია”, რომელიც სახელმწიფო სარწყავი სისტემების აღდგენით იყო დაკავებული, რაც საბჭოთა პერიოდში არსებობდა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოიშალა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამჟამად, 3 სარწყავი სისტემა მოქმედებს:
1. ორლოვკა-სპასოვკა (თვითდინებით), ემსახურება სოფელ სპასოვკას, კათნატუს, სათხას, ოროჯალარს, დიდ ხანჩალს და ნინოწმინდას.
2. ნამცვარა (თვითდინებით), ემსახურება სოფელ ჯიგრაშენს, ნამცვარას.
3. ყაურმა-ნამცვარა (თვითდინებით), ემსახურება სოფელ ყაურმას, ჯიგრაშენს, ნამცვარას.