სოფელ მურჯახეთის დანგრეული ხიდი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება, ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. ვინაიდან მისი რესტავრაციისათვის საჭიროა ნებართვა, სახსრები და დრო, ადგილობრივი ხელმძღვანელობა სოფლის მოსახლეობას ძველის გვერდით ახალი ხიდის აშენებას დაპირდა. თუმცა როდის იქნება ის მზად უცნობი რჩება.
სოფელი მურჯახეთის ხიდი, რომელიც სოფლის სამრეთ ნაწილში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება, დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. წელს ხიდის ცენტრალურ ნაწილში დიდი ორმო გაჩნდა, და ხიდი დაინგრა. სოფლის მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს ხიდის ავარიული მდგომარეობა, მათი თქმით, მათ ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მრავალჯერ შეატყობინეს.
«უკვე 10-15 წელია ხიდი ამ მდგომარეობაშია, უბრალოდ წელს ის დაინგრა. ჩვენ მუდამ ვჩიოდით. მრავალი წლის წინ მსუბუქი რემონტი ჩატარდა და მორჩა. დიდი მანქანები მდინარის გავლით გადადიან, ხოლო მსუბუქი ავტომანქანები ხიდზე, მაგრამ სიფრთხილით და განგაშით, რომ შეიძლება ხიდი დაინგრეს და ისინი მდინარეში ჩაცვივდებიან»,- ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
მანქანებს ჯერჯერობით მდინარის გავლით შეუძლიათ გადასვლა, რადგან ზაფხულში წყლის დონე მდინარეში კლებულობს.
სოფელ მურჯახეთის მოსახლეობა ჩივის, რომ ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა დიდი მანქანებით ხიდზე გადაადგილდება და მათ საჩივრებს ყურადღებას არ აქცევენ, ამით ისინი ავარიულ ხიდს უფრო მეტად ანგრევენ. ხიდის მდგომარეობის განხილვა პირად კონფლიქტებამდე მიდის. მაგალითად, სოფლის მცხოვრები, რომელმაც სახელი არ დაასახელა, ამბობს, რომ როდესღაც მან საკრებულოს დეპუტატის «კამაზს» ხიდზე გადასვლის ნება არ დართო, ამან კამათი გამოიწვია. «მას ეწყინა»,- აღიარა მცხოვრებმა.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, ეს გზა სოფლის მოსახლეობისათვის მოსახერხებელი და მოკლეა, ამ გზით ისინი მალევე ჩადიან ქალაქში.
ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე დღის წინ სოფელში იყო.
«რადგან ძველი ხიდის რესტავრაციისათვის საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა, ეს კი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ გვერდით ახალი ხიდი ავაშენოთ, რომელსაც ექნება 12 მეტრი სიგრძე და 6 მეტრი სიგანე. როგორც გვითხრეს, ორ თვეში პროექტი მზად იქნება, შემდეგ კი მშენებლობას დაიწყებენ»,- ამბობს სოფლის მცხოვრები ენოკ ბაბაჯანიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა თქვა, რომ ძველ ხიდს ნებართვის გარეშე ვერ გაარემონტებენ, ამიტომ ახალ ხიდს ააშენებენ. მისი თქმით, ახლო მომავალში მომზადდება პროექტი, თუმცა მშენებლობის სახსრები ბიუჯეტში ჯერჯერობით არ არის.
«ნებართვის გარეშე ჩვენ არცერთი ქვის ამოღება ან დამატება არ შეგვიძლია. ახალ ხიდს ავაშენებთ. ამ დღეებში სოფელში გადავლენ და პროექტს შეადგენენ, და თუკი იქნება ფინანსები, ავაშენებთ. წელს ბიუჯეტში ფინანასები არ არის, მაგრამ თუ დაიზოგა თანხა, ავაშენებთ»,- თქვა იურიკ უნანიანმა.