ცნობილია XI-XII კლასების რეგისტრაციისა და ექსტერნის ფორმატში გამოცდების ჩაბარების თარიღი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ 2025 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით, ხოლო გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 17 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმატში განათლების მისაღებად დაინტერესებულმა სრულწლოვანმა პირმა ან არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში განაცხადი უნდა შეიტანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში შესაბამისი დოკუმენტაციის თანდართვით.

იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა.
თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
  • ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
  • ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

სხვა დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.