საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი “ნინოწმინდა“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ნინოწმინდის“ საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, სომხეთის რესპუბლიკის შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსტამ ბადასიანმა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.
საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მაღალჩინოსნები. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის სტატუსი აქვს.
საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოეწყო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 გასასვლელი. გამშვებ პუნქტზე იმუშავებს, დაახლოებით, 70 მებაჟე ოფიცერი. დღე-ღამეში, ორივე მიმართულება მინიმუმ 600-მდე სატვირთო, 3000-მდე მსუბუქი მანქანისა და 8000-მდე მგზავრის გატარებაზეა გათვლილი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, განახლდა, დაახლოებით, 4000 კვ.მ. ფართობი, ასევე, მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი და აშენდა ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები.