საქართველოს ხელისუფლებამ სასოფლო-სამეურნეო სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში სამელიორაციო მომსახურების ვალების ჩამოწერა გადაწყვიტა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო მომსახურების ვალებს 143 აბონენტს 8555 ლარის ოდენობით ჩამოუწერენ. ვალებს აბონენტებს 2015-დან 2019 წლამდე ჩამოუწერენ.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოში სამელიორაციო მომსახურება აბონენეტბს უფასოდ ეძლევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში სახელმწიფო აბონენტებს დაახლოებით 8მლნ ლარის (დაახლოებით $2,5 მლნ) ოდენობის დავალიანებას აპატიებს, რაც 2012-დან 2019 წლამდე დაგროვდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემით 1ჰექტარის მომსახურება სეზონზე 75 ლარი ღირს.
2013 წელს შეიქმნა შპს «საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია», რომელიც სახელმწიფო სარწყავი სისტემების აღდგენით იყო დაკავებული, რაც საბჭოთა პერიოდში არსებობდა და 90-იან წლებში დაინგრა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამჟამად 7 სარწყავი სისტემა მოქმედებს:
1. ლომატურცხის სარწყავი სისტემა (თვითდინებით) – ემსახურება სოფელ ალათუმანს, კოჩიოს, ღადოლარს, ლომატურცხს, ტურცხს, კოთელიას და ხანდოს;
2. კოთელიის სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფელ კოთელიას და ლომატურცხის სისტემას უერთდება;
3. ზაკვის სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფელ ზაკვს, კოთელიას, არაგვას, ორჯას, ხანდოს და ლომატურცხის სარყწყავ სისტემას უერთდება;
4. ალმალის სარწყავი სისტემა – მურჯახეთი (მექანიკური და თვითდინებით) – ემსახურება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისს, სოფელ ხოსპიოს, მურჯახეთს, ვაჩიანს, ჩამდურას, ზრესს, კულიკამს და კარტიკამს;
5. ოკამის სარწყავი სისტემა (მექანიკური) — ემსახურება სოფელ ოკამს, კარცეფს, გოგაშენს, აფნიას;
6. დილისკის სარწყავი სისტემა – პტენა- ჩუნჩხა, (მექანიკური) – ემსახურება სოფელ დილისკას, პტენას, ჩუნჩხას;
7. ზრესის სარწყავი სისტემა (მექანიკური) – ემსახურება სოფელ დილისკას, ჩამდურას, კიროვაკანს, კუმურდოს და ვაჩიანს.
ამჟამად ბოლო ორი სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შპს «საქართველოს მელიორაციის» სამცხე-ჯავახეთის სერვისცენტრის ინფორმაციით, ორგანიზაცია ყოველ წელს სარწყავი სისტემების ყველა ხაზის სარეაბილიტაციო სამუსაოებს ახორციელებს.