ძლიერმა სეტყვამ სოფელ ხანდოსა და ორჯას ნათესებს დიდი ზარალი მიაყენა. მოსახლეობას მიწის ნაკვეთები არ დაუზღვევია. მიუხედავად ამისა, მათ ახალქალაქის მერიას მიმართეს, რადგან სახელმწიფოს დახმარების იმედი აქვთ.
სოფელ ხანდოს მაცხოვრებლების თქმით, სეტყვა 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კარტოფილის ნათესები და მარცვლეული კულტურები ძლიერადაა დაშავებული.
სოფელ ხანდოში მერის წარმომადგენელი აშოტ საარიანი ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტად სოფლის საზღვრებს მიღმა არსებული ნათესები დაშავდა. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, სეტყვამ დაახლოებით 400-500 ჰექტარი ნათესი გაანადგურა.
“მომხდარის შესახებ მერიას შევატყობინე. თუმცა, მოსახლეობას მიწები დაზღვეული არ გვაქვს, ვნახავთ, სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ არა დახმარება”,- თქვა სოფელ ხანდოში მერის წარმომადგენელმა.
“20 ჰექტარი კარტოფილი სეტყვამ მთლიანად გაანადგურა, მე ნათესები დაზღვეული არ მქონდა, არ ვიცი, იქნებ რამით დამეხმაროს სახელმწიფო”,- ამბობს სოფელ ხანდოს მაცხოვრებელი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, მათ მოსავალი არ დააზღვიეს, რადგან მიწები არ იყო დარეგისტრირებული, რის გამოც დაზღვევა შედარებით ძვირია.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსის რამაზ გოგოლაძის თქმით, მან მომხდარის შესახებ სამინისტროს შეატყობინა, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
«პასუხს ველოდებით, თუმცა ნაკლებად შესაძლებელია, რომ დაზარალებულებმა კომპენსაცია მიიღონ, რადგან ის მიწები დაზღვეული არ იყო»,- თქვა მან.
სეტყვამ სოფელ ორჯაში მოსავალი გაანადგურა
სოფელ ხანდოში 15 წუთიანი სეტყვის შედეგები დგინდება