
დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება.
პარლამენტს თავდაპირველად, პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ყაველაშვილი მიმართავს. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.
აღვნიშნოთ, რომ დღეს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტებისა და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
3 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კვლავ გადაკეტეს.მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელი რჩება: განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციის დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.