18 სექტემბერს, თბილისში, სომხეთის მხარდასაჭერად და აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობას საქართველოს პოლიციისა და სპეცსამსახურების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სამართალდამცველები აქციის შეჩერებას დაჟინებით მოითხოვდნენ, რისთვისაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
რატომ არის შეუძლებელი სომხეთის მხარდაჭერა საქართველოში შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენებით და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს?
გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე 13 სექტემბრის სამხედრო ესკალაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მსვლელობის მონაწილეებს მაშინ გაუწიეს წინააღმდეგობა, როცა ისინი აზერბაიჯანის საელჩოსკენ დაიძრნენ.
„პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად. თქვენი უსაფრთხოებისთვის. თქვენს დასაცავად, ჩვენ ვზღუდავთ თქვენს მსვლელობას აზერბაიჯანის საელჩომდე“, – ამბობდნენ პოლიციელები კითხვაზე, თუ რატომ არ მისცეს მშვიდობიანი მსვლელობის გაგრძელების უფლება.
„საქართველოში სომხური სათვისტომოს“ ხელმძღვანელის არტურ მირზოიანის თქმით, აქცია სპონტანურად, სოციალურ ქსელებში მოწოდების საფუძველზე დაიგეგმა – „გავერთიანდეთ სომხეთის სახელით და ამოვიღოთ პროტესტის ხმა“.
„პოლიციელებთან ხანგრძლივი კამათის შემდეგ, როცა გაირკვა, რომ პოლიციამ მიიღო ბრძანება, აქციის მონაწილეები აზერბაიჯანის საელჩოსკენ არ გაეშვათ, ვცადე აქციის ორგანიზება და მსვლელობის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობამდე გაგრძელება. თუმცა ასეთი შესაძლებლობა არ მომეცა, მსვლელობის კიდევ ერთ მონაწილესთან ერთად დამაკავეს“, – ამბობს არტურ მირზოიანი.
შედეგად, პოლიციამ „საქართველოში სომხური სათვისტომოს“ 5 აქტივისტი დააკავა. დანარჩენები საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ „ალიევ, წადი“, „აზერბაიჯანი — აგრესორია“ და სხვა ლოზუნგებით. მონაწილეებს საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის დროშები ეჭირათ.
აქციის მონაწილე ანა სარგსიანის თქმით, პოლიციასა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მონაწილეებზე მეტნი იყვნენ.
„ავლაბარის ეკლესიასთან შევიკრიბეთ, ჩავედით მეიდანის მოედანზე, ხიდამდე. იქაც საკმაოდ ბევრი პოლიციელი იყო. ნაწილმა წრე შემოგვარტყა ისე, რომ წინ ვერ წავედით. ჩვენთან იყვნენ უფროსი ქალები, ბავშვები, ახალგაზრდა გოგონები. კამათი 15-20 წუთს გაგრძელდა. რის შემდეგაც მონაწილეებს ხელებზე ბორკილები დაადეს, რომლებსაც ხალხი მიჰყვებოდა. ჩასვეს პოლიციის მანქანებში, რომლებიც მოედანზე იყო. ძალიან ცოტანი ვიყავით, მაქსიმუმ 20 კაცი. ამის შემდეგ, მხოლოდ გოგოები დარჩნენ, ერთი ქალი ცუდად გახდა, მისი ვაჟი წაიყვანეს. სასწრაფოს მოსვლას დაველოდეთ, მერე გადავწყვიტეთ პარლამენტში წავსულიყავით. ლესელიძეზე ასვლის საშუალება არ მოგვცეს, შემოვლითი გზით მივედით პარლამენტთან. იქ აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა პოლიციის, სპეცსამსახურების თანხლებით“, – ყვება პროტესტის მონაწილე ანა სარგსიანი.
აქცია გაგრძელდა მანამ, სანამ 5 დაკავებული აქტივისტი არ გაათავისუფლეს.
პოლიტოლოგ გელა ვასაძის თქმით, საქართველოს პოლიციისა და სპეცსამსახურების ასეთი ქცევა ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს, რომელსაც ახლა ორივე თემთან, სომხურთან და აზერბაიჯანთან უწევს მუშაობა.
„ჩვენ გვყავს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მიმართულნი არიან ეთნიკურ დიალოგზე და ა.შ. ვფიქრობ, ახლა სომხები და აზერბაიჯანელები უნდა შეიკრიბონ და მათთან ერთად იმუშაონ აქ, შიგნით, რომ კამათის მიზეზი არ გვქონდეს. ჩვენ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობთ. საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ. შეიძლება ხელისუფლებას ეშინია, ჩვენს ხელისუფლებას ახლა ყველაფრის ეშინია… და იმის მაგივრად, რომ შეგეშინდეთ, უნდა გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები, რაც აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ამბობს პოლიტოლოგი.
გელა ვასაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს როლი მშვიდობის აღდგენაში მეზობელ ქვეყნებს შორის, რომლებიც საომარ ვითარებაში არიან, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მათ შორის, საქართველოს შიგნით არსებული თემების დახმარებით.
„ჩვენი სომხები, ჩვენი აზერბაიჯანელები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეკამათონ ერთმანეთს. ჩათვალეთ, რომ ახლა მთელი იმედი არის ამ ორ ხალხს შორის ურთიერთობების სამომავლო აღდგენაზე, არა სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორაზე რუსეთში, ევროპაში, აშშ-ში ან სადმე სხვაგან, არამედ აქ. ჩვენ არ გვაქვს დიასპორა, ჩვენ აქ საზოგადოება გვაქვს. ეთნიკურად ქართველი, ეთნიკურად სომეხი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი – ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ “, – ამბობს ის.