სოფელი ქარცეფი არ არის გაზიფიცირებული. ზამთრის სეზონზე სოფლის მოსახლეობა იძულებულია სახლების გასათბობად შეშა, ქვანახშირი ან ფუნა დაწვას, რაც სოფლის მცხოვრებლებს სირთულეებს უქმნის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები ქარცეფი, ოკამი, აზმანა, აფნია და გოგაშენი ერთსა და ამავე გზაზე არიან და დღემდე არ არის გაზიფიცირებული.

ახალქალაქის რაიონის სოფელი ქარცეფი რაიონული ცენტრიდან 22 კმ-ში მდებარეობს. მრავალი წელია, ამ სოფლის მცხოვრებლები იგივე პრობლემის წინაშე დგანან.

„სახლების გასათბობად ძირითადად შეშას ვიყენებთ, რაშიც 1 რიგისთვის ვიხდით 600 ლარს. საშუალო გამოთვლებით, სოფლის მცხოვრებს სახლის სათანადოდ გასათბობად სჭირდება 4 რიგი შეშა. ჩვენი სოფელი ცარიელდება და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაზის არარსებობაა“, – ამბობს სოფელ კარცეფში მცხოვრები არმენ საარიანი.

თუ 10 წლის წინ სოფელ ქარცეფში 40 ოჯახი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ 17 დარჩა. ყოველწლიურად სოფელი სულ უფრო და უფრო ცარიელდება.

სოფლის მცხოვრებლები წვავენ შეშას, ნაკელს, პლასტმასის კონტეინერებს და ყველაფერს, რაც შეიძლება დაიწვას. სამზარეულოსთვის იყენებენ გაზის ბალონებს, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს.

„21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ არ გვაქვს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ბევრი არ გვინდა, უბრალოდ ნორმალური ცხოვრება გვინდა. ბუნებრივი აირი ყველა საწვავზე იაფია. გაზის არარსებობა მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ჯერ შეშას ვყიდულობთ, ვჩეხავთ და მთელი ზამთარი შეშით ვათბობთ ღუმელს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი წელი საქმე გვაქვს“, – ამბობს ქარცეფში მცხოვრები მხითარ ტიტოიანი.

სოფლის მაცხოვრებლებმა, საფუძვლიანად თუ მის გარეშე, არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს ქარცეფის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

აღვნიშნავთ, რომ საქართველოს გაზგამანაწილებელი კომპანიის GGTC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025-2026 წწ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ექვსი სოფელი გაზიფიცირდება, მაგრამ ქარცეფი და მიმდებარე სოფლები ამ სიაში არ შედის.

გევორგ ჯანოიანი