ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, სოფლის წისქვილთან, საფეხმავლო ხიდი აშენდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13,038 ლარი გამოიყო.
სოფელ ხულგუმოში მერის წარმომადგენლის მოვსეს გიგოლიანის განცხადებით, ამ ხიდის გავლით “ჩგნავორის” სამლოცველოში მისვლა იქნება შესაძლებელი, რომელიც ახალქალაქსა და სოფელ ბავრას შორის არსებულ კანიონში მდებარეობს.
“გარდა ამისა, ხიდს გამოიყენებს დაახლოებით 19 ოჯახი, რომელიც მდინარის გაღმა, სოფლის მოშორებით ცხოვრობს,”- ამბობს ის.
მისივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სამუშაოები ტენდერის დასრულებისთანავე დაიწყება.
ახალქალაქის მერიამ ხიდის მშენებლობაზე ტენდერი 22 ოქტომბერს გამოცხადა, ის 13 038 ლარს შეადგენს.
იმ ადგილას, სადაც ხიდი აშენდება, მოსახლეობამ თვითნაკეთი ხიდი ააშენა, სადაც რკინის საყრდენზე ფიცრებია დალაგებული, რაც არასაიმედოა.
შეგახსენებთ, რომ გასულ 2019 წელს, იმავე მდინარეზე სოფელ ხულგუმოში კიდევ ერთი ხიდი შეკეთდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3135 ლარი გამოიყო.