ჯავახეთში არსებული პრობლემების რიგში კვლავ მიეკუთვნება სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემა. ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით საშუალო ასაკისა და ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, კვლავ „გაუხსნელი“ რჩება. ქართული ენის არცოდნა ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციის დაბრკოლებას წარმოადგენს.

წლების წინ ქართული ენის შესწავლა, თუნდაც დიდი სურვილის შემთხვევაში, თითქმის შეუძლებელი იყო. სკოლებში ქართული ენის გაკვეთილები ძალიან ცოტა იყო, ხოლო სახელმძღვანელოები არ იყო ხარისხიანი. უმეტესობა, ვინც სკოლა წარჩინებით დაამთავრა, ქართული არ იცოდა. ამ თემაზე ვესაუბრეთ მამაკაცს, რომელმაც სკოლა წარჩინებით დაამთავრა 90-იან წლებში და ანონიმურად დარჩენა ისურვა.

„რადგან ყველაფერი, საბუთების გაფორმებიდან დაწყებული, იწერებოდა სომხურ ან რუსულ ენებზე, ანუ არა ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულ ენას განსაკუთრებული ყურადღება არ ვაქცევდით. პატარები როცა ვიყავით, ვსწავლობდით, მაგრამ რომ გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ქართული ენის საგანი არ დაგვჭირდებოდა, სერიოზულად არ ვეკიდებოდით, რადგან ვიცოდით, რომ სწავლას სომხეთში გავაგრძელებდით და არა საქართველოში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწავლებაც უხარისხო იყო: თავად მასწავლებლები არ გვინერგავდნენ თავიანთი საგნის მნიშვნელობას. ქართული ენის სწავლების ხარისხი არ იყო, მასწავლებლებს პედაგოგიური განათლებაც კი არ ჰქონდათ, საკმარისი იყო ეროვნებით ქართველები ყოფილიყვნენ. ადამიანები განათლების გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ, ასწავლიდნენ ქართულ ენას პედაგოგიკის ძირითადი საფუძვლების ცოდნის გარეშე, ამიტომ ჩვენი თაობა არ ფლობს ენას“.

სხვადასხვა დროის საგანმანათლებლო სისტემების შედარებისას აღვნიშნავთ, რომ სასწავლო საათების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ქართული ენის ცოდნის საშუალო დონე ასე მკვეთრად არ შეცვლილა. ამჟამად ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა უფროსი და საშუალო ასაკის ადამიანებში ვითარება კვლავ უცვლელი რჩება.

ენის შესასწავლად და შედეგის მისაღწევად საჭიროა მოტივაცია. ბავშვების მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენს მათი გარემო (სომხურენივანი ან ქართულენოვანი), მშობლების მხარდაჭერა და ა.შ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მასწავლებელი და სწავლების მეთოდები, რომლებსაც ის იყენებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლასა და შედეგების მიღწევას. სკოლაში ქართული ენის სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვესაუბრეთ ქართული ენის მასწავლებელს, რომელიც ახალქალაქის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის.

„ამჟამინდელი სასკოლო სახელმძღვანელოები ბევრად უკეთ არის შედგენილი, ბავშვები ენას სწავლობენ, დაწყებითიდან დაწყებული, და, შეიძლება ითქვას, სკოლას დამთავრებისას თავისუფლად საუბრობენ. ბავშვებში ვამჩნევ სურვილს, ინტერესდებიან ქართული ენის შესწავლით. ბევრი, სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აბარებს. რაც შეეხება მშობლებს, ისინიც ძალიან მოტივირებულები არიან და შვილებს კარგად სწავლისთვის ხელსაყრელ გარემოს უქმნიან“.

სხვადასხვა კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ენის შესწავლის საბოლოო შედეგებზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: ენის შესწავლის მნიშვნელობის გაცნობიერება, საკუთარი შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, გარემოს შეხედულება და ინტერესი ახალი კულტურების აღმოჩენისადმი.

სახელმწიფო გამოცდაზე ქართული ენის ცოდნის დონე დავალებების მეშვეობით ფასდებოდა, რომლებიც მოიცავს ენის ცოდნის ოთხ მიმართულებას: კითხვა (გრამატიკა, ლექსიკა და წაკითხულის გააზრება), წერა, ლაპარაკი და მოსმენა. შედეგების მიხედვით, მოსწავლეებმა წერაში ცუდი შედეგი აჩვენეს.

78.3%-მა ვერ შეძლო წერის მინიმალური უნარიც კი გამოეჩინა, თუმცა სხვა მიმართულებებში უკეთესი შედეგი აჩვენეს. მოსმენაში არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა 47,9%-მა, კითხვაში არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა მოსწავლეთა 57,2%-მა, ხოლო ლაპარაკში – 59,6%-მა.

ამჟამად არსებობს სხვადასხვა პლატფორმები და სკოლები, როგორც ფასიანი, ასევე უფასო, რომლებიც ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებაზეა მიმართული. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სოციალური პლატფორმა “გრანდალა”, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის მასწავლებლის მარტივად მოძიებასა და სახლიდან გაუსვლელად ონლაინ ქართული ენის სწავლაში ეხმარება.

ასევე აღსანიშნავია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრაციის სკოლა, რომლის სასწავლო ცენტრები მოქმედებს როგორც ახალქალაქში, ასევე ნინოწმინდაში. ამ სკოლას ასევე ჰყავს მობილური ჯგუფები ორი მუნიციპალიტეტის სოფლებში. სკოლაში ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება საერთო ევროპული ენის ცოდნის სტანდარტების შესაბამისად და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ფენია თოროსიან