შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას პროგრამა „1+4“-ის სტუდენტებისთვის.
სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საჯარო დაწესებულებებში მუშაობის სპეციფიკას გააცნონ, დაეხმარონ პროფესიული უნარების განვითარებაში და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყონ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სტაჟირებაში მიიღონ მონაწილეობა კონკურსის გავლით.
შეფასების დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სტაჟიორთა შერჩევას უზრუნველყოფს სპეციალურად შექმნილი კომისია. წარმატებული კანდიდატები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო ორგანოებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან.
თუ რომელი სახელმწიფო ორგანოები მონაწილეობენ სტაჟირების პროგრამაში, შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალში. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის 11 აპრილამდე უნდა შეავსოთ კითხვარი.
შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით 2017 წლიდან ხორციელდება.