აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოში ნიდერლანდების ელჩმა წარადგინა.

განცხადებაზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ შეისწავლიან ყველა მექანიზმს ეუთოს კონტექსტში და საქართველოს მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.

„ჩვენი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, — ნათქვამია განცხადებაში.