წაშლილია Facebook-ის 589 ანგარიში, 7 906 გვერდი და Instagram-ის 447 ანგარიში, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა და დაკავებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების უარყოფით. Facebook-ზე ამ „ტროლების“ რეკლამისთვის, დაახლოებით, 6 600 აშშ დოლარი დაიხარჯა.
Facebook-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „კოორდინირებული არასანდო ქცევის წაშლა“. ამ ანგარიშში, სოციალური ქსელების ხელმძღვანელობა, რამდენიმე ქვეყანაში „ტროლების ქარხნის“ დაბლოკვის შესახებ იტყობინება. „ჩვენ წავშალეთ Facebook-ის 589 ანგარიში, 7 906 გვერდი და Instagram-ის 447 ანგარიში, რომლებიც კოორდინირებულ არასანდო ქცევას ავლენდნენ. ეს ქსელი შეიქმნა აზერბაიჯანში და პირველ რიგში, შიდა აუდიტორიაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნავს Facebook-ი ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც აზერბაიჯანს ეხება.
„ქსელების ნახევარზე მეტი, რომლებსაც დღეს ვშლით, მიმართულია საკუთარი ქვეყნების შიდა აუდიტორიაზე და ბევრი მათგანი დაკავშირებულია ჯგუფებსა და კერძო პირებთან, რომლებიც კავშირში არიან პოლიტიკური მხარეების აქტივობებთან აშშ-ში, მიანმარში, რუსეთში, ნიგერიაში, ფილიპინებსა და აზერბაიჯანში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ქსელი მოქმედებდა ძირითადად აზერბაიჯანულ, ასევე, რუსულ და ინგლისურ ენებზე: „მათი კომენტარები ძირითადად ეხებოდა ადგილობრივ და რეგიონულ ახალ ამბებსა და მოვლენებს, ზოგადად პოლიტიკას, პოლიტიკურ ხელისუფლებას, დაძაბულობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სომხეთის ქმედებებს მთიან ყარაბაღში მოვლენების წინა ესკალაციის დროს, აქებენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პარტია „ერთიან აზერბაიჯანს“, აკრიტიკებენ ოპოზიციურ პარტიებსა და ლიდერებს, ადანაშაულებენ მათ ღალატში და უარყოფენ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დაახლოებით, 33 ათასი ხელმომწერი ჰყავდა ერთ ან რამდენიმე უკვე დაბლოკილ გვერდს Facebook-ზე და 242 500-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა ერთ ან რამდენიმე დაბლოკილ Instagram-გვერდს. ამ ანგარიშების რეკლამისთვის, დაახლოებით, 6 600 აშშ დოლარი დაიხარჯა.
ანგარიშში ასევე მოყვანილია რამდენიმე პოსტის ფოტოსურათი, რომელშიც კარგად ჩანს აზერბაიჯანული „ტროლების ქარხნის“ „ხელწერა“.