ანტისამთავრობო და პროევროპული პროტესტი თბილისში გრძელდება და განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. პროტესტს ლექტორებიც და სტუდენტებიც შეუერთდნენ.
საპროტესტო მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, რომელსაც თსუ-ს სტუდენტები და ლექტორები შეუერთდნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები სხვადასხვა წარწერებით: „არა ფაშიზმს“, „თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს“, „აკადემიური თავისუფლება საფრთხეშია“, „ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“.
სტუდენტებმა ქუჩები გადაკეტეს, სკანდირებდნენ „საქართველოს“ და მოუწოდებდნენ ყველას, შეუერთდნენ მათ ბრძოლას.
ისინი ასევე მოუწოდებენ ყველა ლექტორს და მასწავლებელს შეუერთდნენ მათ, რადგან მიაჩნიათ, რომ განათლების სისტემა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და აზრი არ აქვს მეცადინეობებზე დასწრებას, როცა ქვეყანა ასეთ სიტუაციაშია. სტუდენტებმა გაფიცვა მოაწყვეს, რომელიც გაგრძელდება იქამდე, სანამ მათ ხმას გაიგონებენ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი ახალ არჩევნებს, ასევე თსუ-ში სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ.
განცხადების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
„28 ნოემბერს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობის მეთაური კვლავ გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი მიატოვა.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დე ფაქტო ადასტურებს ხელისუფლების უმოქმედობას და ხალხის ნებასთან შეუთავსებლობას.
ბოლო დღეებში ჩვენ ახალგაზრდებისა და ფართო საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტის მოწმე გავხდით – ისინი იბრძვიან დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თსუ-ს სტუდენტები და ზოგიერთი ლექტორი გაფიცვას აცხადებენ, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება საკონსტიტუციო ველს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:
1. ახალი არჩევნების დანიშვნა ნეიტრალური საარჩევნო კომისიის და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ორგანიზებით.
2. თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადება სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.
3. აქციის მონაწილეებისა და დაზარალებულებისთვის თსუ-ის ცენტრალურ შესასვლელთან 24 საათიანი წვდომა.
ამავდროულად, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ან ფაქტობრივად ხელისუფლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ.
ერთად დავიცვათ კონსტიტუციური წესრიგი და ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენი ხმა აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.