ამ დროისთვის ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მიზნით ელექტრონულ რიგში ათასზე მეტი სომხური სატვირთო ავტომობილი დგას.

ინფორმაციას ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა ალანიის მოძრაობის მართვის ცენტრი ავრცელებს.

მართლია, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ღიაა, თუმცა უამინდობისა და გზის სხვადასხვა მონაკვეთზე რევერსული მოძრაობის გამო საცობები შენარჩუნებულია.

მთლიანობაში რიგში 3 509 სატვირთო ავტომობილი არის დარეგისტრირებული. აქედან საქართველოში შესასვლელად ელექტრონულ რიგში 1 021 სომხური სატვირთო ავტომობილი დგას.

ცნობისთვის: სტატისტიკის მიხედვით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 150-მდე სომხური სატვირთო ავტომობილი კვეთს. ეს საავტომობილო გზა ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.