ახალქალაქში თოვლთან ერთად ასფალტიც დნება, თითქმის ყოველ ქუჩაზე დიდი და ძნელად გასავლელი ორმოები გაჩნდა, რომლებშიც დამდნარი წყალი ჩაედინება, მისი სიღრმე აღარ ჩანს და მძღოლები გაურკვევლობაში არიან. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ორმო, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში გაჩნდა, ფართოვდება და გვერდს ვერ უვლიან, რადგან მთელ გზას იკავებს.
ნალბანდიანის ქუჩაზე ე.წ „ვსტრეჩას“ მონაკვეთისკენ მიმავალი გზა, სხვა ქუჩების მსგავსად, ცუდ მდგომარეობაშია. მიმოსვლა ფერხდება თავისუფლების ქუჩის იმ მონაკვეთზეც, სადაც შარშან სარემონტოდ კანალიზაცია გითხარეს. იგი „საქართველოს ერთიანი წყალმომარაგების“ ახალქალაქის სერვისცენტრს უნდა დაეხურა, თუმცა, რადგან ქალაქში ორმოებზე მუშაობდნენ, შეთანხმდნენ, რომ თხრილს მათთან ერთად დახურავდნენ.
მერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ორმოების შეკეთების სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.
„ელექტრონულ სატენდერო დოკუმენტაციას ვამზადებთ და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. შარშანდელ ორმოებსაც წელს გავარემონტებთ“, – განმარტავს მერი მელქონ მაკარიანი.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
თავისუფლების ქუჩის ორმო ჯერ კიდევ არ შეკეთებულა
დასრულდება თუ არა 2022 წლისთვის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობა?