ახალქალაქში უკვე რამდენიმე დღეა გზებზე ორმოების გარემონტება დაიწყო. მერიაში აცხადებენ, რომ ორმოები ქალაქის ყველა ქუჩასა და სოფლის გზებზე გარემონტდება. მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ორმო დაფიქსირებულია და შეტანილია ბრძანებაში, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე ორმოების გარემონტება მიმდინარეობს, ხოლო სადმე ხელუხლებელი ორმოებია დარჩენილი, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს, რომ ეს ორმოებიც გაარემონტონ.
ქალაქის ორმოებს კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ 350 000 ლარის ოდენობით არემონტებს.
„ქალაქის ქუჩებზე ორმოები რიგრიგობით გარემონტდება, ქალაქის ზედა ნაწილიდან დავიწყეთ. ამის შემდეგ ბაზართან გავარემონტებთ. რამდენი ორმოც არის, ყველას გავარემონტებთ. ეს ორმოები დავაფიქსირეთ და შეკვეთაში შევიტანეთ, ისინი აკეთებენ. ქალაქის ყველა ორმოს გარემონტება დროს მოითხოვს, ალბათ სამუშაოები ნოემბრამდე გაგრძელდება. რასაკვირველია, გავითვალისწინებთ, თუკი რომელიმე ორმო გამოტოვებული გვაქვს და მოსახლეობა მოგვმართავს“,- ამბობს არა მოვსისიანი.
ახალქალაქისა და სოფლების გზების კეთილმოწყობის ტენდერი, რომელიც ორმოების გარემონტებას ითვალისწინებს, მესამე მცდელობით შედგა. ის 2024 წლის 29 მაისს გამოცხადდა. ახალქალაქის ქალაქსა და სოფლებში გზების გარემონტების ტენდერი პირველად 4 აპრილს 350 000 ლარის ოდენობით გამოცხადდა, განაცხადები მიიღეს 20-დან 29 აპრილამდე. იგი გამოცხადდა პრეისკურანტით, სადაც მითითებული იყო ფასები შესრულებული სამუშაოს ერთეულზე. ტენდერი მეორედ 13 მაისს გამოცხადდა. წინადადებები მიიღეს 21-დან 24 მაისამდე. მაგრამ ის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობის გამო შეწყდა, როგორც ეს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია.