ახალქალაქში ბოლოს მოსულმა თოვლმა ფეხით მოსიარულეთა და მანქანების გადაადგილება გაართულა. ქალაქის ბევრი ქუჩა არ არის გაწმენდილი, რაც გადაადგილებას ართულებს. ახალქალაქის სერვის ცენტრი ცენტრალური ქუჩების ტროტუარების გაწმენდაზე მუშაობს, კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ კი, მერიის მითითებით, ცენტრალურ ქუჩებსა და სოფლის გზებს წმენდს. ქალაქის მოსახლეობა გაწმენდით გამოწვეულ დისკომფორტზე ან დასუფთავების გარეშე დატოვებულ გზებზე საუბრობს.
Jnews-მა მოქალაქეებისგან თოვლიან და მოყინულ გზებსა და ტროტუარებზე საჩივრები მიიღო. ნაკლები მოძრაობის მქონე ქუჩებზე, სადაც თოვლი არ არის გაწმენდილი, ღრმა ნაპრალები ჩამოყალიბდა, სადაც დაბალ სატრანსპორტო საშუალებებს დაზიანების გარეშე გადაადგილდება არ შეუძლიათ. გაწმენდილ ქუჩებზე თოვლი უბრალოდ გვერდებზე გადადის, რაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებას ართულებს.
„ქუჩაში რომ დადიხარ, არ იცი წინ იყურო და არც ფეხებქვეშ, რომ არ წაიქცე, სად იყურებიან ჩვენი პასუხისმგებელი სამსახურები, ყოველწლიურად იგივე პრობლემაა, უკვე დავიღალეთ“, – ჩივის ერთ-ერთი გამვლელი.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის მხითარ რსტაკიანის თქმით, ისინი იმდენს აკეთებენ, რამდენიც შეუძლიათ.
„ჩვენ ვასუფთავებთ ტროტუარებს, ქალაქის სკოლების გზებს, გარდა №5 სკოლისა, ცენტრალური პარკის ტროტუარებს, საკრებულოსა და მერიის ეზოებს. ტროტუარებს შეძლებისდაგვარად ვასუფთავებთ. თოვლის ქვეშ ყინულია, ტროტუარის გაწმენდა შეუძლებელია, ბობკეტით თუ გავასუფთავებთ, ქვაფენილს გავაფუჭებთ“, – ამბობს მხითარ რსტაკიანი.
ახალქალაქის სერვის ცენტრში ორი ერთეული თოვლის მოსაწმენდი ტექნიკაა.
სოფლის გზები, ასევე ახალქალაქის ცენტრალური ქუჩები, ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ჯავახავტო გზამ“ უნდა გაწმინდოს.
კომპანიამ თოვლი ცენტრალური ქუჩებიდან გაასუფთავა, თოვლი გზის ორ მხარეს გაიტანეს. შედეგად, ჯავახეთის ქუჩაზე, ბევრი მანქანა ჭუჭყიანი, მძიმე თოვლის ჩიხში აღმოჩნდა, რადგან გასუფთავებამდე თოვლზე რეაგენტი დაიყარა. Jnews-მა ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებისგან საჩივარი მიიღო, რომ ქუჩების დასუფთავებისას მათ ავტოფარეხები და სახლების შესასვლელები გადაკეტეს.
შპს „ჯავახავტოგზას“ დირექტორმა სანდრო ინასარიძემ ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ჯავახეთის ქუჩაზე ჩვენ გავასუფთავეთ გზა, იქ თოვლი არ არის, თუ ავტოფარეხთან დაგროვდა თოვლი, კეთილი ინებონ და თავად მცხოვრებლებმა გაასუფთავონ. ეს ქუჩა ვიწროა, იქ დიდი გრეიდერი ვერ შევა. ჩვენ შეიძლება სახლებთან გაჩერებული მანქანები დავაზიანოთ“, – თქვა მან.
ხოლო კითხვაზე, რატომ არ გაიწმინდა ქუჩები, რომლებიც შეთანხმების მიხედვით უნდა გაიწმინდოს, მან შემდეგი თქვა:
„ყოველთვის მერიიდან გვაძლევენ მითითებებს და მიმართულებებს, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ აქა და იქ გვესაჭიროება დახმარება. მერიის კონკრეტული მითითებების გარეშე ჩვენ არ ვასუფთავებთ ყველა ქუჩას, რაც ხელშეკრულებაშია“, – ამბობს სანდრო ინასარიძე.