29 ნოემბერს, ახალქალაქის ცენტრის საახალწლო მორთულობა დაიწყეს. ქალაქის მოსართავად წელს ახალქალაქის მერიამ 72 250 ლარი გამოყო.

ქალაქის მორთვის ტენდერი 12 ნოემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 20 ნოემბერს დასრულდა. ტენდერის საწყისი ფასი 85 000 ლარს შეადგენდა.

ტენდერში მონაწილეობდა შპს „ჯეო სტრიმი“, რომელმაც შესთავაზა (83 000 ლარი) და კერძო მეწარმე სირაკან ზაქარიანი, რომელმაც ტენდერი 72 250 ლარის ოდენობით გაიმარჯვა.

ტენდერში გამარჯვებული მეწარმის თქმით, ყველა სამუშაო 20-25 დეკემბერს დასრულდება. მორთვის პროცესი დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია ახალქალაქის მერიას მიაწოდოს დეკორაციები და ინსტალაციები არსებული 10 მეტრიანი ნაძვის ხის მოსაწყობად (შესაბამისი დიზაინერული მომსახურებით). ფრაის-ლისტში მითითებული ყველა განათების მიწოდება შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა. შესასყიდი ნივთი უნდა იყოს ახალი და არა ექსპლუატაციაში არსებული.

წელს ქალაქში ახალი შენაძენის საშუალებით საახალწლო დეკორაციას დაემატება:

  • მბზინავი (მოციმციმე) დათვის დეკორი
  • გარე დეკორი, მანათობელი (არამოციმციმე) სადგამით
  • გარე განათება საახალწლო ნაძვის ხეზე
  • 4 სახის ქუჩის განათება
  • სათამაშოები საახალწლო ნაძვის ხისთვის