თავისუფლების ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და შემოგარენის რეკონსტრუქციის ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა, განაცხადები მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მიიღება. ამ პროექტის ფარგლებში Nane Mall-ის მოპირდაპირედ აშენდება ავტოსადგომი.

სამუშაოებზე ტენდერი პირველად 24 ივლისს გამოცხადდა, მეორედ – 1 აგვისტოს, მესამედ – 16 აგვისტოს. სამივე ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო ვერ შედგა. მიმდინარე წლის სექტემბერში Jnews-თან სატელეფონო საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა თქვა, რომ პროექტი მომავალ წლამდე გადაიდება, რადგან ამინდი უკვე უარესდება. მან აღნიშნა, რომ ტენდერის გამოცხადება 2025 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება, რათა სამუშაოები თბილი ამინდის დადგომისთანავე დაიწყოს.

თუმცა, ამის მიუხედავად, ტენდერი კვლავ გამოცხადდა. ამჯერად, მეოთხედ, განაცხადები 26-დან 29 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. ასევე აღვნიშნავთ, რომ ტენდერის თანხა და ტექნიკური პირობები არ შეცვლილა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა მანამდე აღნიშნა, რომ ჩავარდნილი ტენდერების მიზეზი შესაძლოა იყოს მუშების არარსებობა, ასევე ფასადის სამუშაოების შესრულების სირთულეები, მაგრამ არა ფასი და მოთხოვნები.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს გამოვაცხადოთ, რომ გაზაფხულზე შემსრულებელი იყოს და სამუშაოები დაიწყოს. ხელშეკრულებაში მითითებული იქნება, რომ სამუშაოები უნდა დაიწყოს 2025 წლის აპრილში და სამუშაოების დასრულების ვადა აპრილიდან 100 დღე იქნება”, – კომენტარი გააკეთა არა მოვსისიანმა.

მან აღნიშნა, რომ იყო დაინტერესებული კომპანია და იმედოვნებს, რომ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას, ასევე დაადასტურა, რომ ტენდერში პირობები და ფასები არ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი კორპუსი სავაჭრო ცენტრ Nane Mall-ის მოპირდაპირედ მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება შენობის ფასადის ქუჩიდან და ეზოდან კოსმეტიკური შეკეთება, მოაჯირებით აივნების შეკეთება, სკამების დამონტაჟება და განათება. ასევე, ტენდერის მიხედვით, დაგეგმილია შენობის წინტროტუარის შემცირებით პარკინგის ადგილის გათავისუფლება. ტენდერის მიხედვით სამუშაოს ღირებულება 248 897 ლარს შეადგენს.