21 ნოემბერს 11:00 საათზე საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველად განიხილეს.

26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გუშინ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, დღის წესრიგში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იყო.

„2023 წელთან შედარებით, წელს 11 მილიონით მეტ ბიუჯეტს ვამტკიცებთ. რადგან შარშან ამ დროს, როცა ბიუჯეტს ვამტკიცებდით, 18 684 400 ლარი გვქონდა, ხოლო ახლა 2025 წელს, პროექტის მიხედვით, წინასწარი ბიუჯეტი 29 286 000 ლარის ოდენობით. 2025 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს თანხა შეიცვლება და გაიზრდება. დღესდღეობით ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დამატებულ ღირებულებაზე თანხა წარმოდგენილია 15 მილიონის ოდენობით“, – წარმოადგინა ბიუჯეტი ახალქალაქის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა კარენ მერგელიანმა.

როგორც კარენ მერგელიანმა წარმოადგინა, ბიუჯეტიდან დიდი თანხა, 13 330 185 ლარის ოდენობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოიყოფა, თუმცა ეს არ არის საბოლოო თანხა, რადგან შესაძლოა იყოს პროექტები, რომლებიც რეგიონული განვითარების პროგრამების ფარგლებში დაფინანსდება. თავად საკრებულოს ხარჯებისთვის 1 502 600 ლარი გამოიყო, ხოლო 4 488 870 ლარი მერიის ხარჯებისთვის. პროექტის მიხედვით, სარეზერვო ფონდისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი. კულტურისა და სპორტის ხარჯები – 414 480 ლარი. ინფორმაციის უზრუნველსაყოფად 62 750 ლარი. სოციალური მომსახურების პროგრამებზე – 1 625 000 ლარი და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ მხრიდან განხილვების დროს ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოსული პეტიციების შედეგები დაზუსტდა, მათ შორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი მუნიციპალური ბიუჯეტიდან სტიპენდიის შესახებ პეტიციები. რომელი პროექტები იქნება რეალიზებული და საბიუჯეტო პუნქტების შესახებ უფრო დეტალურად Jnews-ი შემდეგ მასალებში წარმოგიდგენთ.

დეპუტატების თანხმობით ბიუჯეტის პროექტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, ყოველგვარი შესწორებისა და კომენტარის გარეშე გადაეგზავნა.