სექტემბერში ახალქალაქში სიცივე დგება. ამ დროიდან ხალხი გათბობაზე ფიქრს იწყებს. თუ ადრე ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლები სახლებს ძირითადად შეშის ღუმელებით ათბობდნენ, ახლა უმეტესობა ბუნებრივ გაზს იყენებს. როგორც Jnews-ს SJGC გაზგამანაწილებელ კომპანიიდან აცნობეს, გათბობის სეზონზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაახლოებით 4-5 მილიონი კუბური მეტრი გაზი იხარჯება.
„ოქტომბრიდან აპრილამდე დიდი რაოდენობით გაზი მოიხმარება. ამ თვეებში მოხმარება საკმაოდ მაღალია. ერთ თვეში, ვთქვათ, ზაფხულში დაახლოებით მილიონი კუბური მეტრი გაზი იხარჯება, ზამთარში კი 4-5 მილიონი კუბური მეტრი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცივი ზამთარია“, – ამბობს გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორი ვრეჟ ბერიკიანი.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის სუბსიდირება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, როგორც მაღალმთიან რეგიონებში, მან შემდეგი თქვა:
„ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, სუბსიდირებას მთავრობა უკეთებს, და არა კონკრეტული კომპანია. ამჟამად გაზზე ასეთი გადაწყვეტილება არ გვაქვს, სახელმწიფო არ გვაძლევს სუბსიდირებას. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში წერია, რომ სუბსიდია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გაზის მიწოდებას კომპანია უზრუნველყოფს სახელმწიფო მონაწილეობით და რადგან ჩვენი კომპანია მთლიანად კერძო საკუთრებაა, ეს ჩვენზე არ ვრცელდება“, – გვიპასუხა SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორმა.
როგორც ბერიკიანმა თქვა, პროცენტულ თანაფარდობას თუ დავაკვირდებით, ახალქალაქსა და ნინოწმინდას ამდენივე ბუნებრივი აირი მიეწოდება.
„პრაქტიკულად თანაბარია, რადგან თუ ნინოწმინდაში 31 სოფელია, საიდანაც 9 არ არის გაზიფიცირებული, ახალქალაქში კი 64 სოფელია, საიდანაც 19 არ არის გაზიფიცირებული“.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში SJGC-ს კომპანია 2024 წელს არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს – სოფლების გაზიფიცირებიდან გაზის ხარისხის გაუმჯობესებამდე, რომლის შესახებაც შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.