თამარ მეფის ქუჩაზე, ქართულ სკოლასთან ორი მაწანწალა ძაღლი მოკლეს. მაწანწალა ძაღლების პრობლემა ახალქალაქში კვლავ აქტუალურია. მერიაში ამ საკითხის მოგვარებას არ ჩქარობენ, ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაციის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. მოსახლეობა კვლავ ჩივის, რომ შიშში ცხოვრობს.

28 აგვისტოს 22:00-დან 23:00 საათამდე თამარ მეფი ქუჩის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგეს, ქუჩაში გავიდნენ, დაინახეს ერთი მკვდარი მაწანწალა ძაღლი, მეორე კი დაჭრილი. დილით არც ერთი ქუჩაში აღარ იყო.

,,გავედით ქუჩაში, რადგან სროლების გამო ვინერვიულეთ. მკვდარი ძაღლები დაგვხდა. ვინ ესროლა – არ გვინახავს, ვინ წაიყვანა ძაღლები — ისიც არ ვიცით. შუაღამემდე ძაღლები იქ იყვნენ, მაგრამ დილაადრიან წაიყვანეს, თუმცა არ ვიცით რა დროს. კონკრეტულად ეს ძაღლები არ აწუხებდნენ ჩვენს ოჯახს, არ გვეხებოდნენ, რადგან გვიცნობდნენ, მაგრამ უცნობებს უყეფდნენ და მათაც ეშინოდათ. საკმაოდ დიდები იყვნენ და ღამით გარეთ გასვლა საფრთხილო იყო. სიმართლე გითხრათ, როცა უცხო ძაღლი ჩნდებოდა, მაგალითად, ქალაქის პარკთან, ეს ძაღლები ისე ყეფდნენ, გამვლელებსაც აფრთხობდნენ“, – ჰყვება თამარ მეფის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

Jnews-თან საუბარში ქალაქის ბევრი მცხოვრები აღნიშნავს, რომ ძაღლები ეცოდებათ, და არც სროლა შეიძლება. თუმცა აღნიშნავენ, რომ სხვა გამოსავალს ვერ პოულობენ.

Jnews-მა არაერთხელ წამოჭრა უსახლკარო ცხოველების, კერძოდ ძაღლების დაცვის საკითხი.  ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, მაწანწალა ძაღლების სროლა აკრძალულია. ახალქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა რამაზ ხუციშვილმა არ იცოდა ქალაქში მაწანწალა ძაღლების სროლის შესახებ. მისი თქმით, ეს საკითხი პოლიციას ეხება.

„მერია ამ საკითხებზე რეაგირებას ვერ ახერხებს – ეს უკვე პოლიციის პასუხისმგებლობაა. არ ვიცი, რა ზომები მივიღოთ ასეთ შემთხვევებში. მსგავსი ინციდენტის შესახებ არ მსმენია. თუმცა მსგავსი ვიდეო Youtube-ზე იყო. მაგრამ ვინ იყო, იპოვეს თუ არა, არ ვიცი. აგრეთვე გაუგებარია პისტოლეტით ისროლეს თუ თოფით“, – განმარტავს რამაზ ხუციშვილი.

2017 წლიდან მუნიციპალური ხელისუფლება ძაღლების დაჭერისა და სტერილიზაციისთვის თანხებს გამოყოფს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით, წელსაც 26 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ტენდერი არ გამოცხადებულა. ტენდერი წლის დასაწყისში რომ გამოცხადებულიყო, შესაძლოა მაწანწალა ძაღლების რაოდენობა არ გაზრდილიყო, რადგან მათი უმეტესობა ვერ მოასწრებდა გამრავლებას. ახლა მაწანწალა ძაღლების რაოდენობა ბევრად იმატებს.

მერიის ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა Jnews-ს 8 აგვისტოს აცნობა, რომ0 მერია ვერ პოულობს ადამიანებს ან კომპანიებს, რომლებსაც შეუძლიათ ეს ოპერაცია მერიის სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის. რატომ ხართ ყველა დაინტერესებული ამ საკითხით? ყოველივე მომავალ თვეს გადაწყდება”, – განაცხადა მნაცაკან ფამბუხჩიანმა, თუმცა გადაჭრის გზები არ დაუკონკრეტებია.