ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალური კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, იუწყება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური Facebook გვერდი. მემორიალური კომპლექსის კეთილმოწყობაზე მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ინდმეწარმე ლაშა მეტრეველმა 21 835 ათასი ლარით მოიგო.

მემორიალზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული 80 გმირის სახელია დაწერილი.

მემორიალური კომპლექსის გარემონტების საკითხზე მსჯელობისას სოფლის მცხოვრებლებმა სოფლის გმირის თამაზ მელიქიძის ძეგლის დადგმაც გადაწყვიტეს. ყოველწლიურად 8 აგვისტოს მისი ხსოვნის დღე მის საფლავზე აღევლინება, ამიტომ ამიერიდან ცერემონია მემორიალთან გაიმართება. თამაზი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. 2008 წლის 6 აგვისტოს მოხალისედ წავიდა საბრძოლო ზონაში და 9 აგვისტოს დილით დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

გმირის ძეგლის შესახებ სოფლის წარმომადგენელს მალხაზ აჩელაშვილს ვესაუბრეთ.

„თამაზ მელიქიძის ძეგლის დადგმა ელექტრონულ ტენდერში არ შედიოდა, მაგრამ ჩვენ, სოფლის მცხოვრებლებს , ამ მემორიალის გვერდით ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის ომში დაღუპული ერთადერთი მონაწილის პატარა ძეგლის დადგმა გვინდა. ამ ყველაფერთან ერთად, გმირის ოჯახს უნდა შევუთანხმდეთ, როგორი უნდა იყოს ძეგლი, რა ფორმა უნდა მიიღოს და სხვა საკითხები. სამომავლოდ გადავწყვეტთ, როგორ მოვახერხებთ ფინანსური და სხვა სამუშაოების კოორდინაციას“, – თქვა სოფლის წარმომადგენელმა მალხაზ აჩელაშვილმა.

აღვნიშნავთ, რომ მემორიალური კომპლექსის გარემონტების ელექტრონული ტენდერი სამჯერ გამოცხადდა.

ფოტო ახალქალაქის მერიის Facebook-ის გვერდიდან.