სოფლების: კარტიკამის, კულიკამის, ხულგუმოს სკოლის მოსწავლეების ქალაქის სკოლებში ტრანსპორტირების ორწლიანი დაფინანსების შემდეგ, წლეულს, ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამისთვის თანხა არ გამოყოს. ამ სოფლების მოსახლეობა დღეს მერთან მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს. რატომ მოიხსნა ეს საკითხი ახალქალაქის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან და რატომ უნდათ, რომ ამ სოფლებში მოსწავლეების ტრანსპორტირების დაფინანსება შეწყდეს.
დღეს, 9 თებერვალს სოფელ კარტიკამის, კულიკამის და ხულგუმოს მოსახლეობა ახალქალაქის მერიასთან შეიკრიბა. ისინი სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და დაფინანსების გაგრძელებას ითხოვდნენ. ამას ასაბუთებდნენ იმით, რომ ზუსტად საკრებულოს დეპუტატები დაპირდნენ ტრანსპორტირებას და აქედან გამომდინარე, მათ საკუთარი შვილები ახალქალაქის №2 რუსულ სკოლაში შეიყვანეს.
სოფელ კარტიკამიდან არტურ დუმანიანი 3 მოსწავლის მამაა.
“მე თვითონ იმის შესაძლებლობა არ მაქვს მივიყვანო და მოვიყვანო, მე ჩემი შვილი ამის იმედით შევიყვანე რუსულ სკოლაში. მან ინტერნეტით ისწავლა რუსული ენა, მას თვითონ უნდოდა რუსულ სკოლაში სწავლა”, – ამბობს არტურ დუმანიანი.
ანტონიან კარენის შვილი მეორე კლასშია, ამჟამად ბავშვის სოფლიდან ქალაქში ტარების შესაძლებლობა არ აქვს.
სამი სოფლიდან ქალაქის სკოლებში 60 სკოლის მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან 57 №2 რუსულ სკოლაში, 3 კი, №3 ქართულ სკოლაში.
კარტიკამის ტერიტორიული ოლქიდან საკრებულოს დეპუტატი გენადი ელიზბარიანი ამბობს, რომ ბავშვების ტრანსპორტირება 2019 წლიდან ხორციელდებოდა, ანუ ორი წლის განმავლობაში.
“ხელმძღვანელობა დაგვპირდა, ანუ სკოლის დირექტორმა (№2 სკოლის დირექტორი) თქვა, რომ ამის საშუალება არის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მოსახლეობამ ეს საკითხი წამოაყენა და მათ დაპირდნენ”, – ამბობს გენადი ელიზბარიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტრანსპორტირების საკითხის განხილვა 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 3 სოფლიდან ბავშვების ახალქალაქის №2 რუსულ სკოლაში ტრანსპორტირების საკითხი დეპუტატების განხილვის საკითხი გახდა. საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაიოზ ლომსაძემ დააყენა. მან მოითხოვა განმარტება, რატომ უნდა დააფინანსოს ხელისუფლებამ ამ სოფლის მოსწავლეების ახალქალაქის რუსულ სკოლაში ტრანსპორტირება, ხოლო სხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებს იგივე მომსახურებაზე უარი უთხრას? აღინიშნა, რომ სოფელ კუმურდოს სკოლის მოსწავლეებს სოფლიდან ქალაქის №5 სომხურ სკოლაში (ცნობილი, როგორც ინტერნატის სკოლა) გადაყვანაზე უარი უთხრეს.
“მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ამ სოფლებში ნორმალური სკოლები აქვთ, გათბობით, რატომ დადიან ქალაქში. თუკი ვაფინანსებთ, ყველა უნდა დავაფინანსოთ, თუ არა, არავინ”, – განაცხადა JNEWS-თან საუბრისას გაიოზ ლომსაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხი 4 სოფლიდან, ზემოაღნიშნული 3 სოფლის გარდა, ასევე სოფელ ბალხოდან სოფელ ბეჟანოში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. სოფელ ბალხოში საბაზო 9-წლიანი სკოლაა.
4 სოფლიდან ბავშვების ტრანსპორტირების საკითხი საბავშვო ბაღების აღმზრდელების ტრანსპორტირებასთან ერთად საბოლოოდ, ბიუროს სხდომაზე გადაიტანეს. ბიუროს სხვა დეპუტატებიც 3 სოფლის ბავშვების ტრანსპორტირების დაფინანსების წინააღმდეგნი იყვნენ. დაფინანსების პუნქტში, 4 სოფლიდან, მხოლოდ ბალხოს საბაზო სკოლიდან ბეჟანოს სკოლაში ტრანსპორტირება დატოვეს.
“ვაფინანსებთ იმ სოფლის სკოლის მოსწავლეებს, სადაც სკოლები არასრულია, (ბალხო-ბეჟანო) და საბავშვო ბაღებს, ხოლო იქ, სადაც სრული სკოლები არის – არა. ახლა ამ სოფლებიდან სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას შევწყვეტთ. თუკი ამ სოფლებს დავაფინანსებთ, სხვებსაც მოუნდებათ, ხოლო ფინანსებთან კრიზისი გვაქვს. ჩვენ გავაანალიზებთ, არიან თუ არა სხვა სოფლებიდან მსურველები. ჩვენთვის ყველა ერთია, ამ სოფლებს პრივილეგია, რატომ უნდა მივანიჭოთ და სხვა 60 სოფელს არა? ხოლო ყველასთვის დაპირება არ შეგვიძლია, შეიძლება ფინანსები არ გვეყოს”, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, ვალერი სტელმაშოვის თქმით, მათ რამდენიმე წლის წინ ეს 4 სოფელი ჩართეს იმ სკოლების სიაში, რომელთა ტრანსპორტირების საკითხითაც განათლების სამინისტროა დაკავებული, თუმცა ეს სოფლები მაშინვე გამორიცხეს.
“მათ ეს 3 სოფელი გამორიცხეს, იმით დაასაბუთეს, რომ იქ არის სრული სკოლები, ხოლო თუკი უცხო ენის სწავლა უნდათ, ეს მათი საქმეა, ხოლო ბალხო-ბეჟანო გამორიცხეს, რადგან ისინი აფინანსებენ თუკი სკოლებს შორის მანძილი 3 კმ-ზე მეტია, აღნიშნულ შემთხვევაში 1,5 კილომეტრია. მაგრამ იქ ბავშვები ცენტრალური გზით დადიან და გამონაკლისის სახით ეს სოფელი ჩვენს სიაში ჩავრთეთ. ჩვენ ორი წელი 4 სოფელს ვაფინანსებდით, მაგრამ წელს ფინანსური კრიზისი გვაქვს”, – განაცხადა ვალერი სტელმაშოვმა.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განათლების სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წელს 28 სოფლიდან 364 ბავშვის ტრანსპორტირებას აფინანსებს.