სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციებს მართავენ. სტუდენტური მოძრაობა არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს და პროტესტის ნიშნად ღამეს ქუჩაში ატარებს. თსუ-ის პირველ კორპუსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პლაკატებზე წარწერები დაწერეს და მეგობრებს აქციაში შეერთებისკენ მოუწოდეს.

საპროტესტო აქციები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო და მას თბილისისა და სხვა ქალაქების სტუდენტებიც შეუერთდნენ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სასწავლო პროცესი გუშინ შეწყდა, ამ დროისთვის უცნობია, რა რეჟიმში გაგრძელდება.

akciaa

პროტესტს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ ასევე გაათიეს ღამე უნივერსიტეტში და სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ.

„ჩვენ ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ბრძოლას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ ერიდებიან თავიანთი პოზიციის გამოხატვას და აცნობიერებენ, რომ მათი ხმა უნდა ისმოდეს არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ქართველი სტუდენტები ვალდებულნი არიან იცხოვრონ უკეთეს მომავალში, სადაც მათი არჩევანი გადამწყვეტია და მათი უფლებები დაცულია. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რათა დავიცვათ პრინციპები, რომლებიც ჭეშმარიტად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას“, – აღნიშნეს სტუდენტებმა.

თბილისშიც სტუდენტები აგრძელებენ ქუჩების გადაკეტვას და საკუთარი მომავლისთვის ბრძოლას. აქციას შეუერთდა “სულაკაურის” წიგნის მაღაზიაც, რომელმაც მიტინგის მონაწილეებისთვის ბიბლიოთეკა მოაწყო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.