საქართველოში დისტანციური სწავლების დასრულებამდე, მობილური ინტერნეტი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შემცირებული განაკვეთებით. შესაბამისი გადაწყვეტილება 31 დეკემბერს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) სხდომაზე მიიღეს, – იუწყება რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინსწავლების პერიოდში, 2020 – 2021 სასწავლო წლებში, ინტერნეტი დაბალი ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი. კომისიამ გადაწყვეტილება “მაგთის”, “ჯეოსელისა” (“სილქნეტი”) და “ბილაინის” (“ვიონი საქართველო”) წერილების საფუძველზე მიიღეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 30 დღიანი ვადით ინტერნეტი 20 გბ 10 ლარად შესთავაზოს. ამ პროცესში შესაძლოა კომპანიებს სუბსიდირება დასჭირდეთ, რაც მანამდე კომისიამ კომპანიებს აუკრძალა.
მოქმედი ტარიფებით, 20 გბ “მაგთისა” და “ჯეოსელის” აბონენტებისთვის 30 ლარი ღირს, “ბილაინში” მსგავსი პაკეტი არ აქვთ, თუმცა 10 გბ (ღამის ულიმიტო ინტერნეტით) 17 ლარი ღირს.
“ჩვენ არ ჩაგითვლით სუბსიდირებას – ანუ დაგრთეთ ნება ზარალიან ტარიფზე”, – თქვა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, განათლების სამინისტროში კონკრეტული თარიღის თქმა უჭირთ. უწყებაში აცხადებენ, რომ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობენ.