პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ ინფიცირების 4 ახალი შემთხვევის წყარო დაუდგენელია, რაც დიდი რისკის შემცველია. ექვში შემთხვევიდან დღე ღამის განმავლობაში ოთხია დადასტურებული.
საქართველოში ფაქტობრივად ოთხი ახალი კლასტერია, რომელზეც არაფერი ვიცით, საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რადგან პაციენტებმა ვერ განმარტეს თუ სად და როდის შეიძლებოდა გადასდომოდათ ვირუსი.
“ჩვენ ინფიცირების ექვსი შემთხვევა გვაქვს. ეს არ არის ბევრი, თუმცა საკმაოდ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ ექვსი შემთხვევიდა, ოთხის წარმოშობა დღეის მონაცემებით უცნობი რჩება. სამი შემთხვევა, რომლის წყაროსაც ჯერჯერობით ვერ ვადგენთ თბილისში იმყოფება.”- მთავრობის სხდომაზე განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. გახარია თვლის, რომ ის ოთხი შემთხვევა, რომლის წყაროს დადგენაც ვერ ხერხდება, ამის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს.
“ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად გონიერები და ფრთხილები, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არ დავკარგოთ და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი სიფრთხილისკენ და უკიდურესი გონიერებისკენ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”, — განაცხადა გახარიამ.
საქართველოში 26 თებერვლიდან 11 ივნისამდე, ლაბორატორიულად სულ 828 შემთხვევაა დაფიქსირებული, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 694 გახდა. გარდაცვლილია 13 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 230 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 285.
21 მაისიდან მოიხსნა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და ეგრეთ წოდებული კომენდანტის საათი საქართველოში, რომელიც 21 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო იყო შემოტანილი. საკარანტინე რეჟიმი ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეთაში რჩება.
მოქმედი შეზღუდვების სიაში შედის სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო ურთიერთობები, ისევე როგორც, ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (დაბადების დღე, გასვენება, ქორწილი და ა.შ) 10 კაცის შეკრება.