შარდენზე, სიონის ქუჩაზე “ქართული ღვინის ფესტივალი” გაიხსნა. ორგანიზატორების ინფორმაციით, პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ „ქართული ღვინის ფესტივალი“ პირველად იმართება.
ფესტივალი ტრადიციადაა ქცეული და ქართული ღვინისა და კულტურის მოყვარულებს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. სიონის ქუჩაზე წარმოდგენილია ქართველი მეწარმეების ღვინო, ასევე ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, ხელნაკეთი აქსესუარები და სხვა.
ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იქნება როგორც გამოფენა-გაყიდვა, ასევე დეგუსტაცია, 16:00 საათიდან კი სტუმრებს როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების შესრულებით, ცოცხალი მუსიკის მოსმენა შეეძლებათ.
გარდა ამისა, ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული გასართობი პროგრამებით – გაიმართება მიმების შოუ, დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლის შოუ.
“ქართული ღვინის ფესტივალი 2022-ის“ სპონსორია „კოკა-კოლა“, რომლის სტენდთანაც სტუმრებს არაერთი სიურპრიზი და გათამაშება დახვდებათ.
ფესტივალის პარტნიორები არიან: „პალიტრა ჰოლდინგი“, „მეიდან ჯგუფი“, პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკი“ და „თბილისის ღვინის მუზეუმი“, რომელსაც ფესტივალის სტუმრებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს: 8 ოქტომბერს, ფესტივალის მიმდინარეობისას, 14:00-15:00 და 17:00-18:00 საათებში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ დაათვალიეროს „თბილისის ღვინის მუზეუმის“ მისტიკური სივრცეები.