პარლამენტის ბიუროს, 29 მარტის სხდომაზე, 85 დეპუტატის ხელმოწერით საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინება.
ცვლილებების ასახვა კონსტიტუციურ კანონის გარდამავალ დებულებებში, ორი მიმართულებით იგეგმება: – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მცირდება. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება.
პარლამენტის ბიურო კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ კი, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას შექმნის და პროექტის სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება.
კონსტიტუციის ძირითადი ნორმების თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება, ხოლო ამ არჩევნებში კონსტიტუცია 5%-იან საარჩევნო ბარიერს ადგენს.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის ერთჯერადად, 1%-იანი საარჩევნო ბარიერი დადგინდა. შედეგად, პარლამენტის წევრის მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა, რომელთაგან ექვსმა 3%-ზე მაღალი შედეგი მიიღო, ხოლო ერთ საარჩევნო სუბიექტს 3%-იანი შედეგამდე 0,11% დააკლდა. 5%-ზე მეტი მხარდაჭერა კი მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. ამომრჩეველთა ამგვარი წარმომადგენლობა, ერთი მხრივ, საარჩევნო ბარიერის არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირება, ხოლო მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-ზე მეტი მხარდაჭერა მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა, ჯერ კიდევ მიანიშნებს პოლარიზაციის ხარისხის მაღალ მაჩვენებელზე. ამასთანავე, მომდევნო ოთხი წელი შესაძლოა არც კი იყოს საკმარისი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდისთვის პოლიტიკური პარტიების იმგვარად გასაძლიერებლად, რომ ბევრმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა შეძლოს. შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანია საკითხის დაბალანსებულად გადაწყვეტა, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს“, – განმარტავენ მმართველ გუნდში.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.