Jnews-ის რედაქციას ხაჩატურ პეტროსიანის ბედით შეშფოთებულმა ახალქალაქელებმა მიმართეს. როგორც ცნობილი გახდა, ის არ იღებს ინვალიდობის პენსიას და ცხოვრობს ოთახში, სადაც არ არის გათბობა, დენი, წყალი. მეზობლები შიშობენ, რომ ის შეიძლება გაიყინოს ძლიერი ყინვების დროს.

ხაჩატურ პეტროსიანს მენტალური პრობლემები გააჩნია, მისი მშობლების დაღუპვის შემდეგ ის მარტო დარჩა. 2018 წელს ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდა და იქ დაბრუნება აღარ უნდოდა. ახალქალაქის მოსახლეობა ხაჩოს ეხმარება და არ უნდათ, რომ იქ დაბრუნდეს, რადგან საავადმყოფოს მერე ის დასუსტდა და ცუდად გამოიყურებოდა. მას შემდეგ ხაჩომ რამდენჯერმე გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

ყოველ დილით ხაჩო (ახალქალაქში მას შემოკლებით ასე ეძახიან) მეზობლებისგან წყლის მოსატანად მიდის. მის საცხოვრებელში პრაქტიკულად არაფერი არ არის, არც წყალი, არც გაზი, არც ელექტროენერგია, რომ ცოტათი მაინც გაათბოს სახლი. შენობაში, სადაც ახლა ხაჩო ცხოვრობს, სხვა მცხოვრებლები არ არიან, რადგან იქ ცხოვრებისათვის აუცილებელი ელემენტარული პრიობები არ არის. არც სახელმწიფო, არც მუნიციპალურმა სოციალურმა სამსახურმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა ის ამ სახლში, რომელიც ძველი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. რუსული სამხედროების გაყვანის შემდეგ კორპუსები მუნიციპალურ ფონდს გადაეცა, რათა ნაკლებად შეძლებული ოჯახები უზრუნველყონ. მაგრამ აღნიშნული შენობა ადგილობრივ ხელისუფლებას არ გადაეცა, და არც მათ, და არც სხვებს არ შეუძლიათ კომუნიკაციების გაყვანა.

თუმცა, ცივი საცხოვრებელი — ხაჩატურ პეტროსიანის ერთადერთი პრობლემა არ არის.

როგორც Jnews-მა გაარკვია, 2023 წლის ოქტომბრიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის გამო ხაჩატურ პეტროსიანი ინვალიდობის პენსიას ვერ ღებულობს (234 ლარი II კატეგორიის ინვალიდობისთვის). ჩვეულებრივ მას კვებავენ ის ადამიანები, რომლებიც მისი ბედის მიმართ გულგრილები არ არიან _ მეზობლები, მიუხედავად იმისა, რომ მას პენსიას და საცხოვრებელიც ეკუთვნის.თუმცა, როგორც სინამდვილეში გაირკვა, მეურვის (რომელიც მას რატომღაც არ ეკუთვნის) დახმარების გარეშე ხაჩატური ვერც პასპორტს აიღებს და ვერც ბარათიდან თანხას ამოიღებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის საბუთებს კარგავს.

ახალქალაქის მერიიდან გვაცნობეს, რომ ხაჩატურ პეტროსიანი მათ სოციალურ პროგრამაში მუდმივად არის. ის ფინანსურ დახმარებას ღებულობს. სოციალური მომუშავეები და კომისია მის სახლში იყვნენ, სადაც ამჟამად ხაჩატურ პეტროსიანი ცხოვრობს, თუმცა ადგილზე ხაჩატური ვერ იპოვეს, რათა მისი და საცხოვრებლის მდგომარეობა შეეფასებინათ. მაგრამ ხანდახან ის თავად მიმართავს სოციალურ სამსახურს, ამ შემთხვევაში მას კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან.

„მაშინ ის ახლახან იყო ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ჩამოსული, მისი შემწეობა შეჩერებული იყო. ჩვენ ყველა დოკუმენტი, პასპორტი, ბანკის ანგარიში და ა.შ. განვაახლეთ. და ანგარიშზე აისახა თანხა, რომელიც აქამდე იყო გაყინული. მაგრამ შემდეგ, მისი თქმით, ჩვენ არ ვიცით ასეა თუ არა, გვითხრა, რომ ვიღაცამ ეს თანხა მოხსნა, რომ მან ამ ანგარიშით სარგებლობა ვერ მოახერხა. ჩვენთან მეურვეობის გაგება არ არის. ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმეა. მეურვეები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ინიშნება, მეურვე თანხას ღებულობს იმისათვის, რომ მეურვის საჭიროების მქონე ადამიანს მიხედოს“,- ამბობს ანაიტ იორდანიანი — ახალქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების განყოფილების უფროსი.

როგორც მერიიდან გვაცნობეს, ხაჩატურისთვის დახმარების გაწევა შესაძლებელია, მისთვის ბინის ან სახლის დაქირავება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარი იქნება გამოყოფილი, თუკი მესაკუთრე რეესტრიდან წარადგენს საბუთს, რომ აღნიშნული ბინა ან სახლი მას ეკუთვნის. ყოველთვიურად ეს 200 ლარი შესაძლოა პირდაპირ მესაკუთრეს ჩაერიცხოს.

ახალქალაქში ჯერჯერობით თბილი ამინდებია, თუმცა სამხედრო ქალაქის მოსახლეობამ განგაში ატეხა, მალე ყინვები დაიწყება, და ადამიანი შეიძლება ერთ დღეს გაიყინოს, თუკი სახელმწიფო მის მოქალაქეზე არ იზრუნებს.

ხაჩატურ პეტროსიანი დაიბადა 1981 წლის 3 მარტს, სოფელ ოლავერდში. ანიჩკა და იერჯანიკ პეტროსიანების ნაშვილები და ერთადერთი შვილია. მშობლების გარდაცვალების შემდეგ (უკვე 11 წლის წინ) ხაჩატური დარჩა მარტო და უსახლკაროდ.