ახალქალაქის მერიამ მიიღო ჯავახეთიდან სპორტსმენები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ იტალიაში გამართულ კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული და ტურნირის საპრიზო ადგილები მოიპოვეს. სპორტსმენები მშობლებთან და ტრენერებთან ერთად მილოცვისა და მადლობის გადასახდელად იყვნენ მოწვეულნი.
14 ნოემბერს, დილით, კიკბოქსინგის ახალგაზრდა სპორტსმენები ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა მიიღო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, მერიის თანამშრომლები, ასევე სპორტსმენების მშობლები და ტრენერები.
მელქონ მაკარიანმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და სპორტში სამომავლო წარმატებები უსურვა.
„სპორტსმენებს და ტრენერებს გამარჯვებას ვულოცავ, ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს და ახალ მიღწევებს როგორც ჩვენს სპორტსმენებს, ასევე ნინოწმინდელებს, ეს არის ერთობლივი მიღწევა. მადლობას გიხდით, რომ ასეთი ჯანსაღი თაობის ახალგაზრდები გაზარდეთ. აღნიშნული გამარჯვება სხვა ბავშვებისთვის სტიმულს წარმოადგენს, რომ ისინიც დაკავდნენ სპორტით. დღესდღეობით ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვების სპორტისთვის ნახევარ მილიონ ლარს ვხარჯავთ“, – თქვა მელქონ მაკარიანმა.
მერმა სიტყვები იმით დაასრულა, რომ მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი გაორმაგდება და მიზნობრივი სახსრები იქნება, რომელსაც ისინი მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისთვის დახარჯავენ.
„მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებისთვის ახალი სპორტული დარბაზები გვექნება. ჩვენ გადავწყვიტეთ განვავითაროთ ძალოსნობა, რაც აქ პერსპექტიულია. სოფლებში უკვე ვაშენებთ პატარა სპორტულ დარბაზებს“, – თქვა მელქონ მაკარიანმა.
სპორტსმენებს და მშობლებს მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმაც მიულოცა და მადლობა გადაუხადა.
მშობლებმა და ტრენერებმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ხელისუფლებას სპორტის განვითარების მხარდაჭერისთვის და საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე სპორტსმენების ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის.
სპორტსმენებმა მერს მელქონ მაკარიანს და მერის მოადგილეს მკრტიჩ მღდესიანს იტალიიდან ჩამოტანილი სუვენირები გადასცეს.
აღვნიშნავთ, რომ იტალიაში, მილანში 15 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 10 ნოემბერს დაიწყო, ჯავახეთიდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა, ყველა მათგანი მედლებით დაბრუნდა. სამი სპორტსმენი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მოიპოვა ოქროს მედალი, ორმა სპორტსმენმა მიიღო ვერცხლის მედალი, ხოლო ერთმა სპორტსმენმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
სპორტსმენებს ტრენერები სერგეი ტონაკანიანი და ანდრანიკ აბელიანი წვრთნიან.