ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს სკოლაში შიდა რემონტი ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დასრულებულია, სასწავლო პროცესი არ არის აღდგენილი. მოსწავლეთა ტრანსპორტირება, რომელიც რემონტის დროს სოფელ ბუღაშენში ხორციელდებოდა, შეწყვეტილია, ხოლო სკოლაში ყველა მოსწავლე არ დადის.

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს სოფელ ბალხოს სკოლაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ინდმეწარმე არშაკ ამოიანი ახორციელებდა. მას შემდეგ ბავშვები სოფელ ბუღაშენის სკოლაში სახელმწიფო სახსრებით გადაჰყავდათ, თუმცა 4 ნოემბერს ტრანსპორტირება შეჩერდა.

სოფელ ბალხოში სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოებზე ტენდერში ინდმეწარმე არშაკ ამოიანმა გაიმარჯვა და სკოლის დირექტორ აშოტ კირაკოსიანთან გააფორმა ხელშეკრულება. სოფელ ბალხოში სკოლის რემონტისთვის სახელმწიფომ 59 759 ლარი გამოყო. ტენდერი 58 700 ლარის ოდენობით მეწარმე არშაკ ამოიანმა მოიგო. სამუშაოები, თავდაპირველი ხელშეკრულების მიხედვით, 55 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და მიწოდების ვადა 60 დღემდე გაგრძელდა. სარემონტო სამუშაოები 4 ნოემბერს დასრულდა.

ამ პერიოდში ბავშვები სოფელ ბუღაშენის სკოლაში მეორე ცვლაში დადიოდნენ. აღვნიშნავთ, რომ სოფელ ბალხოს სკოლა საბაზოა, ბავშვები მე-9 კლასამდე სწავლობენ, ხოლო უფროსი კლასები სოფელ ბუღაშენის სკოლაში დადიან.

სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ საკლასო ოთახებში იატაკი ბოლომდე არ არის გამხმარი, დირექტორმა, აშოტ კირაკოსიანმა, პედაგოგიურ შემადგენლობასთან ერთად გადაწყვიტეს სკოლის შენობაში სწავლა კიდევ ერთი კვირა არ განახლებულიყო. 4 ნოემბრიდან ავტობუსით ბავშვები ბუღაშენის სკოლაში აღარ გადაჰყავთ. ზოგიერთი მშობელი შვილებს თავად ატარებს, ზოგი კი ვერ ატარებს და სკოლაში არ აგზავნის. მანძილი სოფლებს ბალხოსა და ბუღაშენს შორის დაახლოებით ერთი კილომეტრია, გზა მინდვრებზე გადის.

balxo dproc

6 ნოემბერს, დილის 10 საათზე სოფელ ბალხოს ვესტუმრეთ. სკოლა დაკეტილია, შესასვლელთან კი სამშენებლო ნაგავი ყრია.

balxo

სკოლის დირექტორი მოვიდა, სკოლა გახსნა და რემონტი გვაჩვენა. შეღებვის შემდეგ იატაკები მთლად მშრალი არ არის. მშენებლებმა სკოლის იატაკი, ჭერი და ფანჯრები გაარემონტეს. სკოლის გარე ნაწილის კეთილმოწყობა, დირექტორის თქმით, მომავალ წელს გაკეთდება.

dprocc

„რემონტი დასრულებულია, თავისი საქმე გააკეთა, უბრალოდ გვინდა, რომ იატაკი უკეთ გაშრეს. ორი დღეა, რაც ავტობუსი არ არის, მაგრამ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ თვითონ ვატარებთ და გადაგვყავს ბავშვები ჩვენი მანქანებით, გარდა ამისა, ავტობუსი სოფლიდან უფროსი კლასის მოსწავლეებს ატარებს ბუღაშენში, თან ბავშვებსაც ატარებს, ჩვენი მოსწავლეები მეორე ცვლაში სწავლობენ“, – ამბობს სკოლის დირექტორი აშოტ კირაკოსიანი.

სოფელ ბალხოს სკოლაში სწავლა დიდი ალბათობით ორშაბათს, 11 ნოემბერს განახლდება.

სოფელ ბალხოს სკოლაში 40-მდე მოსწავლე სწავლობს, დირექტორმა ბავშვების ზუსტი რაოდენობის თქმაზე უარი თქვა.