ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 საჯარო სკოლიდან 3 სკოლამ (ქალაქის სკოლებმა) ოფიციალურად მიიღო დისტანციურ რეჟიმში მუშაობის ნებართვა და უკვე მუშაობს, თუმცა ზოგიერთი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაცდენების გამო გადავიდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 სკოლიდან დისტანციურ რეჟიმში ოფიციალურად ქალაქის 3 სკოლა მუშაობს, №3 საჯარო სკოლა (ქართული სკოლა), №4 საჯარო სკოლა (დემირჩიანის სახ.) და №5 საჯარო სკოლა (ინტერნატი). დანარჩენ სკოლებში ბავშვების დასწრების დონე დაბალია, მაგრამ ისინი მაინც ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ისინიც გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის დირექტორის თერეზა ჩივჩიანის თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური რეკომენდაციაა საჭირო და განათლების სამინისტროს განკარგულება.
№2 საჯარო სკოლამ (რუსული) დღეს რესურს-ცენტრს მიმართა, რათა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ნება დართონ. ზოგიერთ კლასში სკოლამ დღეს დისტანციურად ჩაატარა გაკვეთილები.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკვე ხვალ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეთ, დღეს უბრალოდ ჩვენმა უფროსკლასელებმა არცახის თემაზე ღონისძიება მოამზადეს, ისინი დიდხანს ემზადებოდნენ. ეს არ იყო სამხიარულო ღონისძიება, მაგრამ რადგან ემზადებოდნენ, დღეს ღონისძიების ჩატარება გადავწყვიტეთ. დღეს ჩვენმა სასწავლო ნაწილმა დარეკა და გვითხრა, რომ სამსახურში არ მოვა, რადგან რისკის ზონაში იმყოფება. 10 მასწავლებელი ავადმყოფობს და ბევრი მოსწავლე აცდენს, არ შემეძლო მათი ჯანმრთელობით გარისკვა”,- თქვა №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, კარინე ნახატაკიანმა.
მისივე თქმით, მათ ახალქალაქის რესურს-ცენტრს მიმართეს, საიდანაც რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართონ.
“მე ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორს ვერ ვუკავშირდები, არ მინდა და არ შემიძლია მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობით გარისკვა, ხვალინდელი დღიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავალთ”,- ამბობს კარინე ნახატაკიანი.
№1 საჯარო სკოლაში (თუმანიანის სახ.) დღეს სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა, თუმცა ბევრი გაცდენა იყო.
№1 საჯარო სკოლის დირექტორის რუზანნა ტეფოიანის თქმით, ამ ორ დღეში ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ, ხოლო შემდეგ იმის გამო, რომ სკოლაში საარჩევნო ოლქი მოქმედებს, ხუთი დღის განმავლობაში, სწავლებას დისტანციურად ჩაატარებენ.
“სამი დღე ამ კვირაში და ორი დღე მომდევნო კვირაში დისტანციურად ვიმუშავებთ, ამის შესახებ უკვე მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, ამის შემდეგ რა მოხდება- ჯანდაცვის სამინისტრო წყვეტს. გაკვეთილებს ჩვეულებრივ რეჟიმში ვატარებთ. ბევრი აცდენს, პარასკევთან შედარებით მოსწავლეების რაოდენობა არ შეცვლილა, მშობლები ბავშვებს არ უშვებენ, ზოგიერთი უბრალო სეზონური გრიპით არის დაავადებული, დღეს ორი მასწავლებელი აცდენდა, ისინიც ჩვეულებრივი გრიპით არიან ავად. ტესტირების გასავლელად ტესტები არ არის. დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად ჯანდაცვის სამინისტროსგან ბრძანება უნდა მივიღოთ”,- ამბობს რუზანნა ტეფოიანი.
ოფიციალურად მუნიციპალიტეტის სოფლებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში ტარდება.
№4 საჯარო სკოლა ონლაინ რეჟიმზე 22 ოქტომბერს გადავიდა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. №5 სკოლა ონლაინ რეჟიმზე 18 ოქტომბერს გადავიდა, მას შემდეგ, რაც მასობრივი ტესტირების შედეგად სკოლის ორ მასწავლებელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ხოლო №3 სკოლა, რომელიც სკოლის რემონტის გამო სწავლას №5 სკოლაში, მეორე ცვლაში აგრძელებდა, დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, რადგან №5 სკოლაში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, მშობლები ბავშვებს აღარ უშვებდნენ სკოლაში. №3 სკოლის მასწავლებლებს, მასობრივი ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ტესტირება ქალაქის ყველაზე მცირერიცხოვან სკოლებში, №3 და №5 სკოლებში ჩაატარეს. დანარჩენ სკოლებს უთხრეს, რომ ტესტირება არჩევნების შემდეგ ჩაუტარდებათ.