ახალქალაქის სამხატვრო სკოლის შენობის ფასადი ადგილ-ადგილ ჩამოინგრა, მიუხედავად იმისა, რომ 2021-2023 წლებში სახელმწიფო პროგრამის „განახლებული მუნიციპალიტეტების“ ფარგლებში გარემონტდა.
2021 წლის ივნისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მთავარ ქუჩაზე და მერიის წინ მდებარე 4 კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია დაიწყო, 4 კორპუსს შორის ახალქალაქის სამხატვრო სკოლის ფასადი გარემონტდა. თუმცა, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გარემონტებულმა ფასადმა ნგრევა დაიწყო.
2021 წლიდან 2023 წლამდე „განახლებული მუნიციპალიტეტების“ პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია ჩატარდა. პირველ შენობებს შორის, სადაც ფასადის სამუშაოები დაიწყო, იყო ახალქალაქის სამხატვრო სკოლის ძველი შენობა. თუმცა, დღესდღეობით ფასადი ადგილ-ადგილ თბოსაიზოლაციო ფენამდე და მის ფარგლებს გარეთ „შესუსტდა“.
აღნიშნული სამუშაო ადგილობრივი ხელისუფლების ტენდერით არ განხორციელებულა და მათ მიერ არ კონტროლდებოდა.
„ეს შეიძლება ტენიანობის გამო იყოს, შესაძლოა სხვა მიზეზებიც იყოს. ეს ტენდერი უშუალოდ არ გვეხება და შეიძლება იყოს გარანტია. შეგვიძლია დეფექტაცია გავაკეთოთ, მათ მივმართოთ, რომ გამოასწორონ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსი.
„განახლებული მუნიციპალიტეტები“ პროგრამის ფარგლებში ცენტრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველაფერი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჩაატარა, მიიღეს თუ არა ეს სამუშაო და კონკრეტულად ვინ აკონტროლებდა ამ პროექტს, Jnews-მა ამ საკითხების დაზუსტება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.