რამდენიმე ათეული ადამიანი თავს დაესხა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს თბილისში.

შემთხვევა რამდენიმე ხნის წინ მოხდა. როგორც პარტიაში ამბობენ, თავდამსხმელი 150-მდე იყო. ისინი შენობასთან 20-მდე მანქანით მივიდნენ, ძალით შევიდნენ შიგნით და იქ მყოფებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ყვიროდნენ “წაგე”.

„შევიდნენ ხელკეტებით, სხვადასხვა ნივთებით შეიარაღებული… რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.

მომხდარში პარტია მმართველ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. თავდამსხმელთა მანქანების სვეტში ასევე ჩანდა მმართველი პარტიის დროშები.

„ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც კარგავს არჩევნებს, რომელიც ძალიან შეშინებულია – ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ესმის, რომ ძალიან მალე აღარ იქნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია.

მანამდე ცოტა ხნით ადრე, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ისნის რაიონში, საარჩევნო უბანთან თავდასხმის შესახებ მათ წარმომადგენელ მარიამ დოლიძეზე. პარტიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მუცლისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმაში ბრალი „ტიტუშკი ივანიშვილს“ ედება.

„ქართული ოცნება“ თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ისანში ოპოზიციამ მოაწყო ჯგუფი, რომელიც დადის საარჩევნო უბნებზე და თითქოს „საჩვენებლად“ სცემს ხალხს.