საქართველო საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად აქტიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს. ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მიზნად ისახავს უფრო გამჭვირვალე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი არჩევნების ხელშეწყობას, ასევე საარჩევნო პროცესის მიმართ მოქალაქეთა ნდობის დონის ამაღლებას. თუმცა დღეს რა სიტუაცია გვაქვს? იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველია, რამდენად შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს ტექნოლოგიები არ გამოიწვევს ახალი ტიპის გაყალბებას?
წელს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, შემდეგი ტექნოლოგიები დაინერგება.
1. ელექტრონული ხმის მიცემა – პროცესის გასამარტივებლად
2. ბიომეტრიული იდენტიფიკაცია – ამომრჩევლის ვინაობის გადამოწმებისა და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად
3. სათვალთვალო სისტემები – ხმის დათვლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად
4. მობილური აპლიკაციები – ამომრჩევლების ინფორმირება პროცედურებისა და კანდიდატების შესახებ.
ეს ტექნოლოგიები არჩევნებში უსაფრთხოებისა და ნდობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თუმცა, რა ელის ამ მხრივ ამომრჩეველს და თავად საარჩევნო პროცესს.
როგორც ISFED-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღე არ არის, არამედ წინასაარჩევნო პერიოდიც და არჩევნების შემდგომაც.
„თუ საუბარია საქართველოში არჩევნების დროს მანიპულაციებზე, არჩევნების წინა პერიოდში ვნახეთ ისეთი დარღვევები, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება, ზეწოლა ამომრჩევლებზე ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე, და ეს არ არის მხოლოდ არჩევნების დღეს. თუ ჩვენ უნდა შევაფასოთ არჩევნები, უნდა შევაფასოთ წინასაარჩევნო პერიოდიც“, – ამბობს ის.
ამ არჩევნებზე საქართველო ბევრ საარჩევნო უბანზე გამოიყენებს ახალ ტექნოლოგიას, მაგრამ არა ყველა უბანზე.
„ამომრჩეველთა დაახლოებით 90 პროცენტი ახალი ტექნოლოგიებით აირჩევს. საუბარია ვერიფიკაციისა და სკანირების აპარატებზე. რა არის პრობლემური? რა არის მთავარი, ადამიანებს თავად პროცედურის შესახებ ჰქონდეთ ცოდნა. ვიცით, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან დიდი სასწავლო კამპანია ჩაატარა. თუმცა, როცა რეგიონებში ვმგზავრობთ, ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, ეს რა პროცედურაა. პირველი ის არის, რომ ხალხმა არ იცის, როგორ გააკეთოს არჩევანი, მეორე ის, თუ როგორ მზადდება თავად კომისიები. რაც შეეხება მანიპულირებას, მიგვაჩნია, რომ სკანირების აპარატებზე ნაკლები იქნება, რადგან შეგვიძლია ხელით გამოვთვალოთ. ეს დიდად საწვალებელი არ არის. რაც შეეხება ვერიფიკაციის მანქანებს, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ რამდენიმე პრობლემა, რომელიც ადრე შევნიშნეთ. ეს პრობლემები უფრო ადამიანურ შეცდომებს ეფუძნება. შეიძლება იყოს უბრალო შეცდომა ან მიზანმიმართულად გაკეთებული. მაგალითად, თუ კომისიის წევრებს ეშინიათ, არაკეთილსინდისიერები არიან, შეუძლიათ ვინმეს ნიშნის გარეშე, სხვადასხვა პირადობის მოწმობით, შესვლის და ხმის მიცემის ნება დართონ. ამგვარად, მანიპულირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, თუ კომისია არ იქნება „კარგი“. მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი მოხდება. ჩვენ უბრალოდ უნდა მივყვეთ და დავაკვირდეთ ამ პროცესს“, – ამბობს ნინო დოლიძე.