ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დროებით შეჩერებულია. ცესკოს გადაწყვეტილება ბიულეტენების ჩაყრისა და ამ პროცესის გადამღები დამკვირვებლის მიმართ აგრესიის გამო იქნა მიღებული.

მანამდე გავრცელდა კადრები 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ბიულეტენებს ყუთში აგდებს. რადიო მარნეულის ინფორმაციით, ეს იყო ქართული ოცნების ადგილობრივი დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკენდეროვი.

შემთხვევის ამსახველი ვიდეოს გამომქვეყნებელი პირი აღნიშნავს, რომ დამკვირვებლებს ფიზიკური ძალის გამოყენება და ადგილიდან გააძევეს.

როგორც ცესკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, როგორ გაგრძელდება მოქალაქეების ხმის მიცემის პროცედურა მარნეულში, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.

„პროცესი დროებით შეჩერებულია საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე“, – აცხადებენ ცესკოში.

მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 პრიმა მუხლით დაიწყო (არჩევნების გაყალბება), რაც გულისხმობს საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.