„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებსა და პარტიულ აქტივისტებს შეხვდნენ.
ბორჯომში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდნენ.
„ვისაუბრეთ არჩევნებზე და არსებულ პრობლემებზე, შევეხეთ ქვეყანაში და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი მთავარი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია კარგად უნდა მოემზადოს არჩევნების დღისთვის, რათა დამაჯერებლად გაიმარჯვოს.
მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას – თუ დღეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას აქვს უნარი და ძალა შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, მაშინ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნება“. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. კიდევ ერთი ალტერნატივა არის ნგრევა, ომი, ქაოსი და უბედურება, რაც ასოცირდება “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტებთან“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და პარტიის ლიდერებს შორის რეგიონებში შეხვედრები 2 მარტს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო-სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
ირაკლი ღარიბაშვილი 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში პარტიის აქტივისტებს შეხვდება.
ინფორმაციას პარტიის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.