7 ოქტომბერს, სეზონური ვირუსული დაავადებებისა და დაბალი დასწრების გამო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი 15 ოქტომბრამდე დაკეტილია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დასწრების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სოფლის საბავშვო ბაღებში ხშირია ვირუსული სეზონური დაავადებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, სოფლებში წითელა გავრცელებული არ არის.

„საბავშვო ბაღების გაერთიანება დაგვიკავშირდა, წავედით და გადავამოწმეთ ბაღები, იყო საბავშვო ბაღი, სადაც 100 ბავშვიდან 20 დადიოდა. სოფლებში ვირუსული დაავადებებია გავრცელებული, წითელა არ არის და გადავწყვიტეთ ამ კვირაში დავკეტოთ“, – თქვა სირანუშ ტონაკანიანმა.

სოფელ კარწახსა და აზავრეთში საბავშვო ბაღები გასული ორშაბათიდან, 30 სექტემბრიდან, ვირუსული დაავადებების გამო დაკეტილია. ამ ორშაბათიდან კი, 7 ოქტომბრიდან, გადაწყდა მუნიციპალიტეტის 14-ვე საბავშვო ბაღის დახურვა.

„დასწრება 30%-ზე დაბალი იყო, არა მარტო ბავშვები, არამედ აღმზრდელებიც იყვნენ ავად. ჯერჯერობით ერთი კვირით დავკეტეთ, მერე ვნახავთ, თუ ისევ 10 ბავშვი იქნება ბაღებში, არდადეგებს გავახანგრძლივებთ, თუ არა, გავხსნით. სოფლებში უფრო ვირუსული დაავადებებია გავრცებული. ქალაქში ასევე წითელაა გავრცელებული, ხოლო ქალაქის ბავშვები სოფლის საბავშვო ბაღებში მიგვყავს“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ანაიდა ასატურიანი.