საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნიღბის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიანი ჯარიმის განსაზღვრა შესაძლოა შემაკავებელი ფაქტორი გახდეს.
მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ჯარიმის მოცულობაზე იმსჯელა.
“ნიღბის ტარების წესის დარღვევისთვის განისაზღვრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. თუმცა, როცა გუნდში ვიმსჯელეთ ამ თემაზე, გამოითქვა მოსაზრება, რომ ჯარიმა 20-30 ლარის ფარგლებში, აბსოლუტურად საკმარისი იქნება პრევენციისთვის.
აქედან გამომდინარე, იმდენად, რამდენადაც მიზანი არ მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად ვიღაც დაისაჯოს, არამედ იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე, ასეთი პროფილაქტიკური ზომებისთვის სრულებით საკმარისია მცირე მოცულობის ჯარიმა, რომელიც ადვილი შესაძლებელია მოქალაქეებისთვის შემაკავებელ ფაქტორად იქცეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.