ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზაუგბაიას განცხადებით ბოლო 24 საათში დადასტურებული 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარიდანაა. კორონავირუსული ინფექციის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარაში 1 სექტემბრიდან უწყვეტლივ იზრდება. ქვეყანაში ეპიდემიის მთავარი წყაროდ ბათუმი რჩება.
დღეს მარინა ეზაუგბაიას განცხადებით რეგიონებში ახალი შემთხვევების ფაქტები შემდეგია: 87 აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.
საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ის დღიური 158 შემთხვევა რეკორდულია. მარინა ეზუგბაიამ აცხადებს, რომ მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან “სწრაფად” განხორციელდა კონტაქტების მოძიება და მათი იზოლაცია.
„რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება, მათი გამოკვლევა და დადასტურება. აი, ამ 158-დან ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ ბათუმიდან და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განცხადებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსის გავრცელების კერა უკვე ლოკალიზებულია.
„აი, ასეთი სწრაფი კვლევების რაოდენობა საშუალებას იძლევა, ინფიცირებულთა კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითაც მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ცაგერიც. ახლა ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთსა და სამეგრელოშიც. კონტაქტების აქტიური გამოვლენა ხდება, რის შედეგადაც იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ეს ზუსტად იმის საფუძველია, რომ შემდგომში დაავადების ლოკალიზაციისა და შესუსტებისკენ წავიდეთ. ეს კარგი გამოსავალია, რათა ამ ახალად წარმოქმნილი კერების თუ კლასტერების ლოკალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 6 ათასი PCR ტესტი ჩატარდა. სტატისტიკა არ ითვალისწინებს შესრულებული სწრაფი ექსპრეს-ტესტების რაოდენობას.
ზოგადად, პანდემიის დროს საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული 2 075 შემთხვევა. კორონავირუსული ინფექციის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, გასული დღის განმავლობაში, ცხრათ გაიზარდა და 1 363 შეადგინა.