ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან მიგრაცია გრძელდება, ტემპი შეიძლება ბევრად შენელებული იყოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, მაგრამ მაინც თითქმის ყველა სოფელში ერთი ოჯახი მაინც ემზადება სახლის დატოვებისა და უზრუნველყოფილი ცხოვრების საძიებლად წასასვლელად.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 13 100 მეურნეობაა. Jnews-ის კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 64 სოფელში სულ 2090-მდე დახურული კარია. გასული წლის განმავლობაში ამ სოფლების დაახლოებით 176 ოჯახმა მუნიციპალიტეტი მთლიანად დატოვა. ყველაზე ხშირად კარგი ცხოვრების საძიებლად ახალგაზრდები მიდიან, ხანდაზმული მშობლები, უმეტეს შემთხვევაში, სამშობლოში დარჩენას ამჯობინებენ. მუნიციპალიტეტის 8 სოფელში 100-ზე მეტი დახურული კარია. მაგალითად, სოფელ დილისკასა და ხანდოში დაახლოებით 300 დახურული კარია. სოფელ ტურცხში დაახლოებით 280 დახურული კარია, სოფელ კულიკამში კი 200. ასევე ასზე მეტი დახურული კარია სოფელ ბავრაში, ბეჟანოში, კორხსა და მაჯადიაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გასული წლის განმავლობაში 19 სოფლიდან მიგრირებული ოჯახი არ ყოფილა. სხვა სოფლებში გასული წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად 1-დან 3-მდე ოჯახი გადასახლდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიგრაციას თავისი მახასიათებლები აქვს. ბევრი მცხოვრები, განსაკუთრებით ახალგაზრდა, ემიგრაციაში უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების საძიებლად მიდის, ყველაზე ხშირად რუსეთში ან სხვა ქვეყნებში.
არსებობს ოთხი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მიგრაციაზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი – ეკონომიკური ცხოვრების დაბალი დონე და რეგიონში სამუშაო ადგილების ნაკლებობა ხშირად აიძულებს მოსახლეობას ეძებონ სამუშაო საზღვარგარეთ. მეორე მიზეზი არის განათლება. ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან დიდ ქალაქებში ან საზღვარგარეთ, რაც იწვევს მოსახლეობის განათლებული ნაწილის გადინებას. კიდევ ერთი მიზეზი არის პოლიტიკური არასტაბილურობა. როგორც ეს იყო, მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ. მაშინ დაწყებული მიგრაციის პროცესი დღემდე გრძელდება. თუმცა, მიგრაციის მთავარი მიზეზი სეზონური შემოსავალია. მამაკაცი მიდის სამუშაოდ რუსეთში ან სხვა ქვეყნებში ხანგრძლივი პერიოდით (8 თვიდან ერთ წლამდე) და თანდათან ფიქრობს გადავიდეს ისეთ ადგილას, სადაც ყოველთვის ექნება შემოსავალი. არსებობს ძლიერი კულტურული და ლინგვისტური კავშირები სომხურ დიასპორასთან, რაც ხელს უწყობს მიგრანტების ინტეგრაციას. სწორედ ასეთი კავშირები უზრუნველყოფს სეზონურ მიგრანტების სამუშაოს.
ახალქალაქელთა მიგრაციის ძირითადი მიმართულებებია რუსეთი, სომხეთი, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნები.
ახალქალაქის ყველა სოფელში და თავად ქალაქში ბევრი დაკეტილი სახლია, ბევრი ძველი, დანგრეულია, მაგრამ არის ასევე აღჭურვილი, ახალი, კეთილმოწყობილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მეპატრონეებმა ბოლო პერიოდში დატოვეს სახლი და წავიდნენ.