IV-დან IX კლასის ჩათვლით მოსწავლეები დიაგნოსტიკურ ტესტს გაივლიან, რათა განისაზღვროს, კორონავირუსის შემდეგ მათთვის, რომელი პრობლემები გახდა აქტუალური, შეიმუშაონ პროგრამა და მეთოდები სკოლის საგანმანათლებლო პროცესში დიდი ეფექტის მისაღებად. ტესტი შეფასდება არა ქულებით, არამედ კომენტარებით. ტესტის შედეგი გავლენას არ მოახდენს მოსწავლის ნიშნებზე.
დიაგნოსტიკური ტესტები, ანუ შეფასების ინსტრუმენტები ამჟამად სომხურ ენაზე ითარგმნება და ახალქალაქის სკოლები მალე მიიღებენ. დროის სიმცირის გამო, ტესტები ჩატარდება ყველა საგანში, გარდა ორისა, თუმცა, რომლები იქნება ეს 2, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჯერ არ იციან.
სკოლები ტესტებს ელექტრონული ფორმით მიიღებენ და შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ ჩაატარონ ტესტირება. მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სკოლას შეუძლია ტესტირება ჩაატაროს ელექტრონულად, ან დაბეჭდოს და გადასცეს მოსწავლეებს.
„ასეთი ტესტები მომავალში ყველა კლასში ჩატარდება, დროის საკითხია, ისინი მუშავდება. მთავარი მიზანია გამოვლინდეს ის შედეგები, რაც კორონავირუსმა დატოვა ბავშვებში, რამაც გამოიწვია გარკვეული პრობლემები. რათა, ახალი სასწავლო წლისთვის ახალი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემუშავდეს“, – ამბობს ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ტერეზა ჩივჩიანი.
ტესტები შეფასდება არა ქულებით, არამედ ეგრეთ წოდებული „განმავითარებელი შეფასებით“, რომლის დახმარებითაც კონკრეტული საგნის მასწავლებელი გააანალიზებს, თუ რა სჭირდება მოსწავლეს ამ საგანში. ანალიზი კომენტარების სახით განთავსდება ელექტრონულ ჟურნალებში.