ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია გრძელდება. სკოლის რეკონსტრუქციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს, სამუშაოებს კი შპს „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს. სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„ჩვენ მუშაობა თითქმის ნულიდან დავიწყეთ, იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი სკოლა, ლიფტიც კი იქნება. ეს იქნება ორსართულიანი სკოლა ყველა სტანდარტით. სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქსა და ასპინძაში, 5 სკოლის რეკონსტრუქციას ვაკეთებთ. დავამატებთ მეორე სართულს, დავტოვეთ მხოლოდ კედლები. რაც იყო, პრაქტიკულად აღარაფერი დარჩება, ყველაფერი შეიცვლება“, – ამბობს შპს „საბა კონსტრაქშენის“ მენეჯერი გელა სამიაშვილი, რომელიც მშენებლებს სამშენებლო მასალით უზრუნველყოფს.
სკოლის რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელი პირის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების დროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„ახლა ვახორციელებთ გამაგრებით სამუშაოებს, ვამთავრებთ საყრდენი სვეტების მონტაჟს, რათა ჯვარედინად გამაგრდეს ისე, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში შენობა უკვე სახურავის ქვეშ იყოს, რის შემდეგაც დავიწყებთ შიდა სამუშაოებს. თუ ამინდის პირობები ხელს არ შეგვიშლის, გვინდა სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დავასრულოთ“, – განაცხადა გიორგი ბერიძემ.
რემონტის დროს ძირითადი მომუშავეები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან, მაგრამ სპეციალისტები – ჩამოსულები, სულ 12 ადამიანი მუშაობს.
კოთელიას სკოლაში სწავლობს 55 მოსწავლე, მუშაობს 22 მასწავლებელი. რემონტის დასრულებამდე ბავშვები სოფელ ბარალეთის №2 სკოლაში მეორე ცვლაში ისწავლიან.
აღვნიშნავთ, რომ ამჟამად სარემონტო სამუშაოები სოფელ დადეშისა და ალასტანის სკოლებში მიმდინარეობს. ეს სამუშაოები ასევე „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: