ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ კორხში საბავშვო ბაღის შენობის გასარემონტებლად თანხა გამოყო. სამუშაოები, სავარაუდოდ, 2025 წელს დასრულდება.

2024 წლის 22 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები შეთანხმდნენ მუნიციპალიტეტში 2 184 145 ლარის ოდენობით სამუშაოების შესრულებაზე. დამტკიცებული სამუშაოების ნუსხაში ​​შედის სოფელ კორხში საბავშვო ბაღის რემონტი, რისთვისაც 300 000 ლარი გამოიყო.

როგორც Jnews-თან სატელეფონო საუბარში სოფელ კორხის სპეციალისტმა გარნიკ ღანდილიანმა თქვა, გამოყოფილი სახსრების შესახებ ჯერ არ იცის. მისივე თქმით, ჯერ კიდევ კორონავირუსამდე სოფლის ქველმოქმედებმა სოფელში ერთ-ერთი სახლი იყიდეს, რომ მასში საბავშვო ბაღი გაეხსნათ. თუმცა, პანდემიის დაწყების გამო სამუშაოები შეჩერედს, და შენობა დღემდე არ ფუნქციონირებს.

„ჩვენ სოფლის ფონდი გვაქვს, ამ ფონდის თანხით ვიყიდეთ სახლი, რომ მასში საბავშვო ბაღიც გავხსნათ. ყოველთვის რაღაცას ვარემონტებდით, მაგრამ პანდემიის შემდეგ შენობის სრულად გარემონტება ვერ მოხერხდა, სამუშაოები შეჩერდა და სხვა არაფერი გაკეთებულა. შენობა არის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, გამოყენებუსთვის გამოუსადეგარია“, – კომენტარი გააკეთა გარნიკ ღანდილიანმა.

მან დაამატა, შეძენის შემდეგ სოფლის ქველმოქმედებმა შენობა მუნიციპალიტეტს აჩუქეს.

აღვნიშნავთ, რომ 2024 წელს ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში სოფელ კორხიდან 14 ბავშვი დადიოდა.

როგორც Jnews-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა აცნობა, სამუშაო პროექტი შეკვეთილია და სამუშაოების დაწყება მომავალ წელს იგეგმება.

„სოფლის ქველმოქმედებმა იყიდეს კერძო სახლი, ააშენეს, ანუ გააკეთეს სახურავი, კედლები და ტიხრები, ეს შენობა მუნიციპალიტეტს აჩუქეს, რჩება მხოლოდ შიდა რემონტი სტანდარტების მიხედვით, გათბობა, ეზოს კეთილმოწყობა და ა.შ, ყველაფერი, რაც სტანდარტებშია შეტანილი“, – კომენტარი გააკეთა მან.

„პროექტი შეკვეთილია, მოვიდნენ პროექტის შემდგენლები, გააკეთეს ნახაზები, ველოდებით პროექტს. ტენდერს პროექტის დასრულებისთანავე გამოვაცხადებთ, ხოლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება“, – დაამატა მოვსისიანმა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ბაღში მეზობელი სოფლების თოთხამისა და მაჯადიის ბავშვებიც ივლიან. თუმცა, როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიდა ასატურიანმა აღნიშნა, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ბავშვი და რომელი სოფლებიდან შეძლებს ბაღში სწავლას.

„ჯერ ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი, რა სტანდარტებით აშენდება, ახლა სხვა სტანდარტები გვაქვს. ძირითადად, 100 ბავშვს ვითვლით, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება და ვერ ვიტყვი, სანამ პროექტს არ ვნახავ“, – კომენტარი გააკეთა მან.