ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის ადრეული ჯიშების მოსავლის აღება დაიწყო. ფერმერების თქმით, მოსავალი კარგია, ხოლო ერთ კილოგრამ კარტოფილზე ფასი 60-დან 80 თეთრამდე მერყეობს.

ბოლო წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიწათმოქმედებმა ზამთრის ჯიშებთან ერთად ადრეული ჯიშის კარტოფილის მოყვანა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფერმერი არ გადავიდა ადრეული ჯიშების მოყვანაზე, ამის მიმართ უკვე აშკარა ტენდენცია შეინიშნება. ადრეული ჯიშები განსაკუთრებით აქტიურად მუშავდება ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში, როგორიცაა ჩამდურა, მურჯახეთი, ვაჩიანი, კიროვაკანი, დილისკა და სხვ.

ამ დროისთვის, ადრეული კარტოფილის მოსავლის აღებას ფერმერები მხოლოდ მყიდველების არსებობის შემთხვევაში იწყებენ.

მაგალითად, ვარაზდატ სალვარიანმა სოფელ დილისკადან ადრეული ჯიშების მოსავლის აღება 1 სექტემბერს დაიწყო. მისივე თქმით, ფასი 60-დან 75 თეთრამდე მერყეობს, თუმცა საბოლოო ფასი მყიდველთან შეხვედრისას ადგილზე დგინდება.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ადრეული ჯიშების ამოყრა. ვინც მიცნობს, გაყიდვაზე უკვე შევთანხმდი. ფასი 60-დან 75 თეთრამდეა, მაგრამ მყიდველი თავად უნდა მოვიდეს, დავილაპარაკოთ, და ფასიც დადგინდება“, – ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.

ადრეული ჯიშების ამოყრა სოფელ მურჯახეთიდან ენოქ ბაბაჯანიანმაც დაიწყო. მან აღნიშნა, რომ წელს კარგი მოსავალია, თუმცა ფასს მთლად მომგებიანად არ თვლის.

„წელს მოსავალი კარგია. მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ კარგი ფასია, 1 კგ 60-დან 70 თეთრამდეა“, – ამბობს ის.

ეღიშ აგაჯანიანმა სოფელ კიროვაკანიდან სრულად დაიწყო ადრეული ჯიშების ამოყრა და დარწმუნებულია, რომ მყიდველებს იპოვის და მთელ მოსავალს გაყიდის. მისი თქმით, კარტოფილის ფასი ხარისხზეა დამოკიდებული.

სოფელ ორჯაში ბევრს მოჰყავს ადრეული ჯიშის კარტოფილი და ყველა ფერმერმა, ვინც კარტოფილის ადრეული ჯიში დათესა, დაიწყო მოსავლის აღება.

სოფელ ორჯას ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, კარტოფილი თავად მიაქვთ და ქუთაისსა და თბილისში ყიდიან, ფასი დამოკიდებულია კარტოფილის ხარისხზე, 60-დან 80 თეთრამდე მერყეობს.

სოფელ ვაჩიანშიც დაიწყეს კარტოფილის ადრეული ჯიშების ამოყრა.

რაც შეეხება მინდვრებში შრომის ანაზღაურებას, წელს ტარიფები შარშანდელ დონეზე დარჩა: მკრეფავებს 50-დან 60 ლარამდე უხდიან, ხოლო მტვირთველებს – 60-დან 70 ლარამდე.