ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყო. მიწათმოქმედები არ არიან კმაყოფილნი მოსავლით, ხოლო კარტოფილის მკრეფავები გამოხატავენ უკმაყოფილობას სამუშაოს ანაზღაურებით. რაც შეეხება მყიდველებს, ისინი ჯერ არ არიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მასობრივად არა, მაგრამ კარტოფილის მოსავლის აღება უკვე დაიწყო. მოსავალი განსაკუთრებით იმ ადგილებში ჩაიშალა, სადაც სეტყვამ დააზიანა. გარდა ამისა, ნესტიანი ნიადაგის გამო კარტოფილის მინდვრები მასობრივად ფიტოფტოროზით დაინფიცირდნენ. ვისაც საშუალება ჰქონდა მინდვრები წამლით შეასხურა. მკურნალობამ ზოგან იმოქმედა, ზოგან კი არა. კარტოფილის ფოთლები და ღეროები ნაადრევად გახმა და კარტოფილმა გაზრდა ვერ მოასწრო.
სოფელ ვაჩიანიდან იგითიან მელსიდა აღნიშნავს, რომ მოსავლით უკმაყოფილოა. კარტოფილი ფიტოფტოროზით დაავადდა, ერთხელ შეასხურეს წამალი, შემდეგ კი სეტყვამ გაანადგურა მისი კარტოფილის მინდვრები. 30/100 მიწის ნაკვეთიდან ის იმედოვნებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში 2 ტონა კარტოფილის მოსავალს მიიღებს. მელსიდამ წელს “ესტრელას” ჯიში დათესა.
„ალბათ კარტოფილს სათესლად დავტოვებთ, დანარჩენს, კი პირუტყვის საკვებად ვიყენებთ, 4 ძროხა გვყავს. წელს ცუდი მოსავალია, ხარჯები არ დაიფარება. ორი თვეა, რაც ღეროები გახმა. ზოგადად, ჩვენნაირ მიწათმოქმედებს, რომლებსაც საკუთარი ტექნიკა არ აქვთ, კარტოფილის დარგვა არ არის მომგებიანი, რადგან ჩვენ ვიხდით ბენზინს და შრომის თანნხასაც, ხოლო ისინი (მიწათმოქმედები, რომლებსაც ტექნიკა აქვთ) მხოლოდ ბენზინში იხდიან. მაგრამ მუნიციპალიტეტის 60-70% ჩვენნაირია”, – ამბობს სოფელ ვაჩიანის მცხოვრები მელსიდა იგითიანი.
მელსიდას თქმით, მათი შემოსავალი 1 ჰექტრიდან წელს შესაძლოა მხოლოდ 300 ლარი იყოს.
სოფელ ვაჩიანიდან ათოიან სურენმა 1 ჰექტარი კარტოფილი დათესა, მისი თქმით, 5000 ლარი დახარჯა და 10 ტონა კარტოფილი მიიღო.
„წელს ჩემი კარტოფილი არის მაღალი ხარისხის, უვნებელი, მაგრამ ცოტაა. შარშან 1 ჰექტარიდან 40 ტონა მივიღე, წელს – 10 ტონა, მყიდველებიც არ არიან“, – ამბობს ათოიან სურენი.
ალბერტ სერობიანმა სოფელ ჩამდურადან კარტოფილის ასაკრეფად ხალხი დაიქირავა. მკრეფავებს 60 ლარს უხდიან, ხოლო მტვირთველებს-70 ლარს. მან 3 ჰექტარ ფართობზე “არნოვას” ჯიში დათესა.
“შარშანდელთან შედარებით, წელს კარტოფილი ცოტაა და არც ისე მსხვილი”, – თქვა ალბერტ სერობიანმა.
კარტოფილის მკრეფებიც არ არიან კმაყოფილნი ფასით. მკრეფავ ქალებს 50-60 ლარს უხდიან, ტომრების მტვირთველებს კი 60-70 ლარს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკიდან ახალქალაქის მიწათმოქმედების მოსავლის მკრეფავად მომუშავე სილვა აივაზიანი დღეში 50 ლარს იღებს და ანაზღაურებით უკმაყოფილოა.
„9 საათდან საღამოს 6 საათამდე ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ანაზღაურება საკმარისი არ არის, ნორმალური ფასი 70 ლარია. როცა ამინდი გაცივდება, ვფიქრობ, ანაზღაურება გაიზრდება“, – ამბობს სილვა აივაზიანი.